ფეიერვერკების გამოყენებით თვენ ხელს უწყობთ ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურებას. მათი გამოყენების დროს წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები ტოქსიკურია როგორც ადამიანებისთვის, ისე ფრინველებისთვისა და ცხოველებისთვის.
ფეიერვერკების სადღესასწაულო ფერები სახიფათო ქიმიური და ფიზიკური პროცესების შედეგია, რაც მეტალის ნაერთებისა და ქიმიური ასაფეთქებელი ნივთიერებების მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებით მიიღება.
მყარი ნაწილაკების ასეთი რაოდენობით ჰაერში გაფრქვევა გრძელ ვადაში ჩვენს ჯანმრთელობაზე სახიფათოდ მოქმედებს. გაფრქვეული მყარი ნაწილაკები დიდი ხნის განმავლობაში რჩება ატმოსფეროში და რესპირატორულ და გულსისხლძარღვთა პრობლემებს იწვევს.
გარდა ამისა, აფეთქებისთვის საჭირო ჟანგბადის წარმოებისთვის, ბევრი ფეიერვერკი შეიცავს პერქლორატებს, რომლებიც წყლის – სასმელი, მდინარეებისა და ტბების დაბინძურების წყარო ხდება. პერქლორატის მარილები ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ისე წყალქვეშ მცხოვრებ ორგანიზმებზე.
არ გამოიყენოთ ფეიერვერკი, გაუფრთხილდით გარემოს!