„კუბი კონტექსტში“ მულტიდისციპლინარული სახელოვნებო სივრცეა, რომელიც მზიურის ყოფილი საბაგიროს სადგურში, თანამედროვე ხელოვნების გალერეას და საერთო სამუშაო სივრცეს ქმნის.
იდეა თანამედროვე მხატვრებს, ვასილ მაჭარაძეს და კოკა ვაშაკიძეს ეკუთვნით. ათწლეულის წინ დაწყებული პროექტი, იდეის ავტორებთან ერთად, კინომცოდნე ანუკა ლომიძის, ფოტოგრაფ ანა გოგუაძის და არქიტექტორ თორნიკე აბულაძის თანამშრომლობით განვითარდა.
2018 წლიდან კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის იდეის პირველი მხარდამჭერი თბილისის მერია გახდა, რომლის დახმარებითაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
თიბისი პირველი კერძო კომპანიაა, რომელმაც მეგობრის სტატუსით მხარი დაუჭირა სახელოვნებო სივრცეს, რომლის მიზანიც კულტურული დიალოგის წარმოება, თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერა, ცოდნის, გამოცდილების გაზიარება და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობაა.
პროექტის ძირითადი მიზნებია:
- მზიურის ტერიტორიაზე არსებული საბაგირო სადგურისთვის ფორმის შენარჩუნება და მისი ახალი ფუნქციური დატვირთვა;
- თანამედროვე ხელოვნების საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრირება და განსხვავებულ ჯგუფებს შორის კულტურული დიალოგის წარმართვა;
- თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე არტისტებისა და მკვლევარებისთვის სამუშაო გარემოს შექმნა.
- პარკის ახლებურად დანახვა, ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელობაზე აქცენტის გაკეთება და მწვანე სივრცეების, როგორც სამუშაო თუ კულტურულ საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტების განხორციელების ადგილად ქცევა.
რეკონსტრუქციის შემდეგ, „კუბი კონტექსტში“ იფუნქციონირებს, როგორც სოციალური საწარმო. პროექტის მიხედვით, პირველ სართულზე გაიხსნება თანამედროვე ხელოვნების გალერეა, მეორე სართულზე მოეწყობა საერთო სამუშაო სივრცე, კუბის გარშემო ტერიტორია კი, დაეთმობა შემეცნებით-კულტურულ აქტივობებს.