“ჩვენ გვიყვარს ტკბილეული და გვიყვარს ყავა. ალბათ, ბევრია ისეთი ადამიანი, რომელთაც ამ პროდუქტის კომბინაცია ძალიან უყვარს, ზუსტად ეს იყო პირველი ინსპირაცია, რომ შეგვექმნა ბრენდი, რომელიც საუკეთესო ხარისხის ორცხობილებს შესთავაზებდა მომხმარებელს,” ამბობს ნიკოლოზ ღვაბერიძე, “ქუქი ბეიქერის” ერთ – ერთი დამფუძნებელი.
ქუქი ბეიქერი – საცხობი / მაღაზია, რომელიც წელს გაიხსნა, ვაჟა-ფშაველას #7-ში მდებარეობს. პროდუქციის შეძენა ონლაინაც შესაძლებელია.
“დავინახეთ, რომ ბაზარზე იყო ნიშა. არც ერთი ბრენდი ორცხობილების კუთხით არ პოზიციონირებდა, შესაბამისად, გადავწვიტეთ, რომ პირველები ჩვენ ვყოფილიყავით. იდეა 2020 წლის ბოლოს დაგვებადა და ზუსტად შვიდ თვეში გავხსენით პირველი საცხობი / მაღაზია და დავიწყეთ ჩვენი ადგილის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იდეასთან ერთად, გვინდოდა, გვქონოდა მიზანი, რომელისკენაც უნდა ევლო ჩვენს კომპანიას, შესაბამისად, მიზნად დავისახეთ, რომ გავხდეთ ჩვენი მომხმარებელის ყოველდღიურობის ნაწილი და შევთავაზოთ მათ ისეთი პროდუქტის არჩევანი, რომლის გაზიარებასაც შეძლებენ ოჯახის წევრებისთვის, თანამშრომლებისთვის, მეგობრებისთვის, სტუმრობისას თუ მასპინძლობისას,” ამბობს ნიკოლოზ ღვაბერიძე.
რა არის განსაკუთრებული და ახალი ქუქი ბეიქერიში?
პირველ რიგში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი დაწესებულება არ არსებობს, არის ბევრი სივრცე, სადაც შეგიძლიათ ადგილზე დამზადებული ყავა და პურ-ფუნთუშეული შეიძინოთ, თუმცა, ჩვენთან ძალიან ბევრ სიახლეს შეხვდებით, რომელიც ბაზარზე აქამდე არ იყო ასე მარტივად და მრავალფეროვნად ხელმისაწვდომი. ჩვენთან არის დაახლოებით 30-მდე სახეობის ორცხობილა, რომელიც მზადდება ფრანგული, იტალიური და ამერიკული რეცეპტებით, ასევე გვაქვს პროდუქცია, რომელიც ჩვენი შექმნილია და უნიკალურია. ამას გარდა, გვაქვს პურის ბევრი სახეობა, რომელიც მთლიანად ბუნებრივ საფუარზე მზადდება. გვაქვს ყავა, როგორც ადგილზე დამზადებული, ისე დასაფქვავი.
ჩვენი ინტერიერი არის ძალიან გამორჩეული, ფერებით სავსე და გამორიცხულია, სხვაში შეეშალოს მომხმარებელს და რასაკვირველია, განმასხვავებელი ფაქტორი არის ჩვენი გუნდი. ძალიან ძლიერი კონდიტერები, მრავალწლიანი გამოცდილებით, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ დონეზე. ძლიერი მცხობელების გუნდი, რომლებიც ქმნიან უგემრიელეს პროდუქტს ყოველდღიურად და მომსახურება, რომელიც წარმოადგენს ჩვენს მთავარ შეხების წერტილს მომხმარებელთან და სადაც თითოეული გუნდის წევრი მომხმარებლის გადმოსახედიდან უყურებს სერვისის ხარისხს.
გვიამბეთ, რისი შეძენა შეუძლია თქვენს საცხობში მომხმარებლებს?
ჩვენთან შესაძლებელია ორცხობილების, ბუნებრის საფუარზე დამზადებული პურების, პუნთუშეულის, ნამცხვრების, კექსების და მაფინების, ყავის, როგორც ადგილზე დამზადებულის, ასევე დასაფქვავის და სხვა მრავალი პროდუქტის შეძენა. რომელის მსგავსს ძალიან ცოტას თუ შევხდებით ბაზარზე.
როგორ აღწერდით ქუქი ბეიქერის გარემოსა და ატმოსფეროს?
პირველ რიგში, ჩვენთან არის გარემო, სადაც მუდმივად მომღიმარი და კეთილგანწყობილი მომსმახურე პერსონალი ხვდება ჩვენს მომხმარებელს, რომლებიც ცდილობენ, თითოეული მომხმარებელი დაიმახსოვრონ და მათი შემდგომი ვიზიტისას, კიდევ უფრო გაუმჯობესებული მომსახურება დაახვედრონ, ამას გარდა, მომხმარებლებს საკუთარი თვალით შეუძლიათ დაინახონ სამუშაო პროცესი საკონდიტრო და საცხობ სივრცეში და ამით ერთგვარი კონტროლი გაგვიწიონ, ჩვენ ღია ვართ ჩვენი მომხმარებლების წინაშე და ამდაგვარი მოწყობითაც ვცდილობთ, რომ ეს დავადასტუროთ.
ერთ-ერთი გამორჩეული ფაქტორია ინტერიერი და დიზაინი, ატმოსფერო, რომელიც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უნიკალურია და ჩვენ იდენტობას უსვამს ხაზს.
პანდემიამ როგორ იმოქმედა თქვენს ბიზნესზე?
ჩვენ პანდემიის დროს მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს ბიზნესი უნდა დაგვეწყო, იდეაც ამ დროს დაგვებადა და განხორციელებაც პანდემიის დროს მოხდა, შესაბამისად, რისკების გარკვეული ნაწილი გათვლილი და გააზრებული გვქონდა, თუმცა, მაინც მძიმედ აისახა შეზღუდვები, როგორც ალბათ ყველა ბიზნესზე. პანდემია და განსაკუთრებით მის გამო შემოღებული შეზღუდვები ძალიან ზრდის ხარჯებს, რასაკვირველია, შემოსავლების შემცირებასაც იწვევს, რადგან მობილობა მცირდება ქალაქში და იმდენი მომხარებელი ვერ ახერხებს ადგილზე მოსვლას, ეს განსაკუთრებით რთულია, როდესაც ახალი გახსნილია ბიზნესი და ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას ცდილობს.
ბიზნესზე მოქმედებს ტურისტების ნაკლებობა, რომლებიც ალბათ თავს იკავებენ ჩამოსვლისგან, რადგან რთული ეპიდომიოლოგიური ვითარებაა ქვეყანაში. მე მგონია, რომ საქართველოში საკვები ბიზნესი და ზოგადად HORECA სექტორი ძალიან კარგად ვითარდებოდა და ძალიან მზარდი იყო, ბუნებრივია, ეს ტურიზმის ზრდასაც უკავშირდებოდა, შესაბამისად, მცირე ბიზნესი იზრდებოდა და რაც მთავარია, უკეთ სწავლობდა ბიზნესის წარმართვას და განვითარებას, ახლა კი, ბრძოლა უწევს გადარჩენისთვის და ეს ძალიან აფერხებს ეკონომიკის განვითარებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს აცრისკენ, ალბათ ეს ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ვაპირებთ, რომ გავიზარდოთ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მომსახურების მოდელი მაინც ქსელური საცხობი-მაღაზიის შექმნაა, ბევრი დაფარვის წერტილით, რომელიც თბილისსაც უნდა გასცდეს და საქართველოს მასშტაბით გაიშალოს. კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში გვაქვს უფრო დიდი მიზნებიც, თუმცა, ჯერ გვინდა, რომ თბილისი და შემდგომ სხვა ქალაქების ათვისება შევძლოთ კარგად.
ავტორი: ქეთევან სხირტლაძე