მსოფლიო საზოგადოებისა და მშვიდობისთვის ამ რთულ დროს, ერებსა და საზოგადოებებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ ფონზე, ამ მიზნის მისაღწევად, დიპლომატებისა და საელჩოების მუშაობა და ძალისხმევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
ერთ-ერთი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს სანიმუშო დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, არის იაპონია, ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე. ეს ურთიერთობა ხელმძღვანელობს საერთო ღირებულებებით, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. წელს იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად და ასევე საზოგადოებაში მშვიდობისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობისთვის, იაპონიის საელჩო საქართველოში ახორციელებს საინტერესო აქციას – იაპონელი ხალხისთვის ძალიან სიმბოლური ყვავილის, საკურას ნერგებს, რგავს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ თბილისში.
ამ აქციის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისში, დავით ხახალეიშვილის სახელობის ძიუდოს სპორტსკოლის მიმდებარედ, სადაც საკურას ხეივანი მოეწყობა, უკვე დაირგო ათობით ულამაზესი საკურას ნერგი. ღონისძიება 2 აპრილს გაიმართა. მას მეუღლესთან ერთად იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა დაესწრო. ელჩის თქმით, ბულვარის მოწყობა ქუთაისელი ოლიმპიური ჩემპიონის, დავით ხახალეიშვილის ხსოვნას, ასევე ქართულ-იაპონურ მეგობრობასა და დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლიან ისტორიას ეძღვნება.
ზემოთაღნიშნული აქციის, ასევე მნიშვნელოვანი თარიღისა და იაპონიის პოზიციის გასარკვევად მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებთან და უკრაინაში მიმდინარე დამანგრეველ ომთან დაკავშირებით, GEORGIA TODAY ესაუბრა იმამურა აკირას – იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში.
თქვენო აღმატებულებავ, ომი უკრაინაში ღრმად აშფოთებს მსოფლიოს. რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა მრავალი ეკონომიკური სანქცია, რასაც იაპონიაც შეუერთდა. გარდა ამისა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსული აგრესიის წინააღმდეგ რიგი პროცესები მიმდინარეობს. რა ერთობლივ ქმედებებს ახორციელებენ იაპონია და საქართველო ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად?
რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის მცდელობა, ცალმხრივად შეცვალოს სტატუს კვო ძალის გამოყენებით. ეს არის უკიდურესად სერიოზული ვითარება, რომელიც არყევს საერთაშორისო წესრიგის საფუძველს არა მარტო ევროპაში, არამედ აზიაშიც. როგორც ასეთი, ეს მიუღებელია და ჩვენ მას მკაცრად ვგმობთ. ამიტომ ჩვენ მივმართავთ უპრეცედენტო ძლიერ სანქციურ ზომებს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ, G7-თან და სხვა ქვეყნებთან ერთად. ეს მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე ეკონომიკურ ზომებს, როგორიცაა რუსული ბანკების SWIFT-დან გარიცხვა და მათი აქტივების გაყინვა, ასევე რუსეთისთვის MFN (most-favored-nation) სტატუსის მოხსნას.
უკიდურესად შეშფოთებულები ვართ უკრაინაში ჰუმანიტარული სიტუაციით და მზად ვართ, გამოვყოთ 200 მილიონი აშშ დოლარი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. უფრო მეტიც, მივაწოდეთ არალეტალური თავდაცვითი აღჭურვილობა ჩვენი თავდაცვის ძალებიდან, შევცვალეთ ჩვენი რეგულაციები, რომლებიც ზღუდავს ასეთ გადაცემას. ვიღებთ ლტოლვილებს უკრაინიდან იაპონიაშიც, გავცემთ ვიზებს მათთვის, ვისაც სურს, შეუერთდეს ოჯახის წევრებს და მეგობრებს იაპონიაში. აპრილის დასაწყისში საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიაში იოშიმასამ თან წაიყვანა უკრაინელი ლტოლვილები იაპონიაში სამთავრობო თვითმფრინავით პოლონეთიდან.
ახლა დადგა დრო, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ და მტკიცედ უპასუხოს, რათა სრულად დაიცვას საერთაშორისო წესრიგის საფუძველი. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს გამოხმაურებას ამ კუთხით. იაპონია და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიცაა გაერო, კოორდინაციას უწევენ ჩვენს ქმედებებს რუსეთის იზოლაციისთვის. ორივე ქვეყანა ერთად ვმოქმედებთ, რათა ხელი შევუწყოთ ომის დანაშაულების გამოძიებას საქმის გადაცემით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ცოტა ხნის წინ, იაპონიამ და საქართველომ ერთობლივად დაუჭირეს მხარი გაეროს რეზოლუციას რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შეჩერების შესახებ მას შემდეგ, რაც ბუჩაში ასობით მოქალაქის ცხედარი იპოვეს. რამდენადაც იაპონია ახორციელებს თავის სანქციებს, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მათ სრულ განხორციელებას და ვეძებთ თანამშრომლობის შესაძლებლობებს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, რათა არ მოხდეს სანქციებისგან თავის არიდება. ვიმედოვნებთ, რომ იაპონია და საქართველო სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად გააგრძელებენ ამ მტკიცე ერთიანობას უკრაინის მხარდასაჭერად, სანამ ჩვენი მიზანი არ იქნება მიღწეული.
რუსეთის შეჭრამ გამოიწვია ენერგო რესურსებისა და სურსათის ფასების ზრდა და მნიშვნელოვანია, ერთად ვიმოქმედოთ ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაუცველი ქვეყნების დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვთხოვეთ OPEC-ის ზოგიერთ ქვეყანას ნავთობის ბაზრის სტაბილიზაცია, იაპონიასა და საქართველოს შეუძლიათ ითანამშრომლონ ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში არსებული სირთულის დასაძლევად. მაგალითად, ჩვენ ჩართული ვიყავით დისკუსიებში ჩვენს ქართველ კოლეგებთან მდგრადი ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მოსალოდნელია, რომ ეს ზომები გაზრდის საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ხელს შეუწყობს ემისიების შემცირებას. ჩვენ ასევე მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას ფერმერების კვალიფიკაციის ამაღლებით. ეს საქართველოს დაეხმარება საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციაში და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში.
საქართველოსა და იაპონიას ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ასპექტებში მეგობრული ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია აქვთ. როგორ შეაფასებდით ამ პარტნიორობის ამჟამინდელ მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს?
წელს იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. ჩვენი ურთიერთობა ხელმძღვანელობდა საერთო ღირებულებებით, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე. მოხარული ვარ, რომ ვხედავ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია 30 წლის განმავლობაში და ჩვენთვის პატივია, ვიყოთ ამ პროცესის ნაწილი სხვადასხვა დახმარების პროგრამის წარმატებით განხორციელებით.
ბოლო წლებში გაიზარდა მაღალი დონის კონტაქტები, მათ შორის აღსანიშნავია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი იაპონიაში 2019 წელს მისი უდიდებულესობა იმპერატორის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით. ასევე, ახლახანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიაშის ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, უკრაინის ვითარებისა და ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად.
იაპონიაც და საქართველოც დიდი ხნის ისტორიითა და ტრადიციით გამოირჩევიან. ერთმანეთის კულტურებისადმი ორმხრივი ინტერესი არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც ახლა. როცა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს, ჩემდა გასაკვირად, ვნახე იაპონური ენის შესწავლის მსურველი ბევრი ახალგაზრდა, რამაც სასიამოვნოდ გამაოცა. იაპონიაში ხალხი ახლა აღფრთოვანებულია იმით, რისი შეთავაზებაც შეუძლია საქართველოს, განსაკუთრებით საკვებსა და სპორტში. მაგალითად, იაპონიის გრანდ სუმოს ტურნირზე ქართველი მოჭიდავე ტოჩინოშინი საგრძნობლად დაწინაურდა და იაპონიაში ყველაზე ცნობილი ქართველი გახდა. ასევე, ძალიან პოპულარული გახდა ქართული კერძი შქმერული, ამიტომ ახლა იაპონურ მაღაზიებში მზა შქმერულის პოვნა შეიძლება.
როდესაც მომავალ ათწლეულს ვუყურებთ, ჩვენ ურთიერთობის ახალ ფაზაში შევდივართ და აქ ბევრ შესაძლებლობას ვხედავ. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სფეროა კავშირის ხელშეწყობა; როლი, რომელიც საქართველოს შეუძლია შეასრულოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელმა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო ჩრდილოეთ დერეფანი, რომელიც ამ ქვეყანაში გადის, ახლა პრობლემების წინაშე დგას. უპირატესობა, რომელსაც გვთავაზობს შუა დერეფანი, რომელიც გადის ცენტრალურ აზიასა და საქართველოში, უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. არსებობს იაპონია-ევროკავშირის მაღალი დონის შეთანხმება მდგრადი და მაღალი ხარისხის კავშირის ხელშეწყობის შესახებ, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას საქართველოში და ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტექნოლოგიები და ა.შ.
ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირთან და საქართველოსთან ერთად გამოვავლენთ მდგრადი და მაღალი ხარისხის პროექტებს ამ რეგიონში.
ადამიანებს შორის კავშირი არის ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია ხელს ვუწყობთ. ერთ-ერთი მაგალითია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს სასწავლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აქამდე 600-ზე მეტი ქართველი ექსპერტი იყო მიწვეული იაპონიაში. სტუდენტების გაცვლის სფეროში, საელჩო ახორციელებს იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სტიპენდიებს იაპონიაში სწავლისთვის. ჩვენ ასევე ვეხმარებით ქართულ უნივერსიტეტებს, მეტი გაცვლითი პროგრამა ჰქონდეთ იაპონელ კოლეგებთან. იმპულსს იძენს კავშირები ადგილობრივ დონეზეც. იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ტოკუშიმას პრეფექტურა, რომელმაც გასულ ზაფხულს ქართველ პარაოლიმპიელებს უმასპინძლა, შშმ პირთა სპორტის სფეროში საქართველოს მუნიციპალიტეტებთან გამოცდილების გაცვლის დიდ სურვილს გამოთქვამს.
რა თქმა უნდა, წინ არის გამოწვევები. მე ვისაუბრე კოორდინირებულ ქმედებებზე უკრაინის ომის საპასუხოდ, მაგრამ საქართველოსაც აქვს თავისი ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც იაპონიას, რომელსაც ასევე აქვს თავისი ტერიტორიები უკანონოდ ოკუპირებული რუსეთის მიერ. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ პოზიციიდან გამომდინარე, ცოტა ხნის წინ გავავრცელეთ განცხადებები, რომლებიც უარყოფდნენ ე.წ. „არჩევნების“ ლეგიტიმაციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, შესაბამისად, მარტში და აპრილში.
გვსურს, გავაგრძელოთ დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული ტერიტორიების მხარდაჭერა, მათ შორის ქალებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების მიმართ. ჩვენ უკვე მივაწოდეთ სამედიცინო აღჭურვილობა ცხინვალთან ძალიან ახლოს მდებარე სოფელ ნიქოზის კლინიკას, ახლა კი ვგეგმავთ მცხეთასთან სათბურების მშენებლობას, სადაც დევნილი ქალები სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მოიყვანენ.
იაპონიის საელჩო საქართველოში საკურას ნერგების დარგვას რამდენიმე ქალაქში გეგმავს. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ ნერგების რაოდენობა და რომელ ქალაქებში დაირგვება?
მივესალმებით საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნეს საზოგადოების ინიციატივას, დარგოს იაპონური საკურას ხეები საქართველოს ბევრ კუთხეში ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად. საელჩო ეხმარებოდა მათ საკურას ნერგების საქართველოში შემოტანის პროცესში, სულ 150-მდე ხის, რომელიც იაპონიიდან საჰაერო გზითაა ჩამოტანილი.
საკურა ანუ ალუბლის ყვავილი ჩვენი ეროვნული ყვავილია. ის ღრმადაა გაერთიანებული ჩვენს კულტურასა და ისტორიაში. გაზაფხულის დადგომისას იაპონელები იკრიბებიან საკურას აყვავების სანახავად და მისი სილამაზით ტკბებიან. ეს ტრადიცია სულ მცირე 1000 წლით თარიღდება. ამას ჰანამი ჰქვია, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს “ყვავილების ყურებას”.
გასულ თვეში მე მქონდა პატივი, დამერგო ეს ხეები საქართველოს საპატრიარქოს ბაღში, როგორც ჩვენი მეგობრობის სიმბოლო. ხეები მშვიდობისთვის ლოცვის თანხლებით დავრგეთ. იაპონელები ხშირად აკავშირებენ ალუბლის ყვავილობას ადამიანის წარმავალ ბუნებასთან, რადგან ყვავილი ძალიან სწრაფად ცვივა. ამიტომ, ხშირად ამ ხეს ვრგავთ ომში დაღუპულთათვის ლოცვით. ასე რომ, ამჯერად პატრიარქის ბაღში ხეები დავრგეთ უკრაინის ამ ტრაგიკულ ომში დაღუპულთათვის ლოცვით და ამ ქვეყანაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის იმედით. იგივე ლოცვით დავრგეთ რამდენიმე დამატებითი ხე სამების საკათედრო ტაძრის ბაღში.
საკურას ხეები ქალაქ ქუთაისშიც დაირგო. ამჯერად ეს მიეძღვნა ქუთაისში დაბადებული ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის, გარდაცვლილი დავით ხახალეიშვილის ხსოვნა. მან 1992 წელს ბარსელონაში ოქროს მედალი მოიპოვა და ბევრი მეგობარი ჰყავდა იაპონიაში. მისი ოცნება იყო მშობლიურ ქალაქში ხეების დარგვა. იმედია გაიზრდებიან და მალე დაიწყებენ აყვავებას, რომ ქუთაისელები ჰანამით დატკბნენ.
საელჩო ორიენტირებულია საქართველოში სხვადასხვა კულტურული აქტივობების განხორციელებაზე. რა კულტურული ღონისძიებები იგეგმება სამომავლოდ?
დიახ, ჩვენ ვგეგმავთ არაერთ ღონისძიებას 30 წლის იუბილის აღსანიშნავად. ამ გაზაფხულზე თბილისში მწერალთა სახლი მოაწყობს წიგნის პრეზენტაციას ცნობილი იაპონელი მწერლის, ტანიზაკი ჯუნიჩიროს შედევრის – რომანის – სახელწოდებით „მაკიოკას დები“/ქართულად გამოცემული სათაურით “ნაზი თოვა“. სულ ახლახან, ითარგმნა პირველად ქართულად. ჩვენ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ამ წიგნზე არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის შედევრი, არამედ იმიტომ, რომ იგი დაიწერა მეორე მსოფლიო ომის დროს. მაშინ იაპონიის სამხედრო რეჟიმმა აკრძალა ეს წიგნი, რომელიც მდიდარი ოჯახის ცხოვრებას ასახავდა. მიუხედავად ამ ზეწოლისა, მწერალმა გადაწყვიტა წიგნის საკუთარი ბიუჯეტით გამოქვეყნება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ რუსეთში თავისუფალ მედიაზე ზეწოლით და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით და გვსურს გავუზიაროთ ქართველ საზოგადოებას, თუ როგორ შეხვდა ამ რთულ ვითარებას 1940-იანი წლების იაპონიაში მამაცი მწერალი.
ზაფხულში, ამას მოჰყვება კინოფესტივალი თბილისში და იაპონური საკვების გამოფენა – კერძოდ, ეროვნულ მუზეუმში სახელწოდებით „Love Sushi“. კარგი შესაძლებლობა იქნება ქართველმა ხალხმა არა უბრალოდ მიირთვას და დატკბეს სუშით, არამედ გაიგოს ისტორიული ფონი, როგორ მიირთმევენ და აღიქვამენ სუშის იაპონიაში, უფრო სრულყოფილად გაიაზრონ სუშის კულტურა.
ამის შემდეგ, ივლისში ვგეგმავთ იაპონელი პიანისტის მოწვევას თბილისსა და ბათუმში ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ის, სავარაუდოდ, ბათუმში ივლისში დაგეგმილ მუსიკალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. შემდეგ შემოდგომაზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართველი ბალეტის მოცეკვავეებისა და იაპონელი ტაიკოს დრამერების ერთობლივი სპექტაკლის გამართვას ვფიქრობთ.
ახლახან წარმატებით დავასრულეთ გამოფენა “წმინდა ფიროსმანი” თბილისში. ეს არის იაპონელი მხატვრის ჰარადა ტაკეჰიდეს გრაფიკული ხელოვნების გამოფენა, რომელსაც შეუყვარდა ნიკო ფიროსმანის ხელოვნება და მის შესახებ გადაღებული ფილმი გიორგი შენგელაიას მიერ. ბატონი ჰარადას ნამუშევრები გვიჩვენებს, თუ როგორ ესმოდა იაპონელ მხატვარს ამ დიდი ქართველი მხატვრის. თბილისის შემდეგ, გამოფენა სხვა ქალაქებშიც იმოგზაურებს, დაწყებული ქუთაისით 12 აპრილს; შემდგომ გამოფენა გაიმართება ზუგდიდსა და ხაშურში. იმედია, საზოგადოება ისიამოვნებს ღონისძიებებით.