თავისუფალი სკოლა თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიხსნა. აქ ბავშვებს კომფორტული სივრცე და გამოცდილი პედაგოგები დახვდებათ. სკოლის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საბაზისო ცოდნა პრაქტიკული ცხოვრებისეული უნარების შესახებ, მათ შორის სამართლის, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების და ა.შ. დამატებითი ინფორმაციისთვის GEORGIA TODAY ესაუბრა თავისუფალი სკოლის დირექტორს, ამირან ამბროლაძეს.
რატომ გადაწყვიტეთ სკოლის გახსნა?
სკოლა გაიხსნა თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მოგეხსენებათ, რომ ეს ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტებია საქართველოში სტუდენტების მიერ ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით. ამასთან საქართველოში ძალიან ცოტაა კარგი სკოლა და შესაბამისად კარგი აბიტურიენტების რაოდენობაც მცირეა. ჩვენი სკოლის გახსნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლდათ ის, რომ ნაწილობრივ მაინც გამოგვესწორებინა ეს ხარვეზი. ზოგადად, რომ განათლება ქვაკუდხედია ქვეყნის განვითარებისთვის და ამის გარეშე ვერც დემოკრატია განვითარდება და ვერც ეკონომიკა, ეს ცხადია. მეტიც, განათლების გარეშე დემოკრატია საზიანოც კი შეიძლება იყოს.
თქვენი აზრით, რატომაა საქართველოში კარგი სკოლების რაოდენობა მცირე?
ვფიქრობ, განათლების მიწოდება მოთხოვნის შესაბამისია. კარგი განათლება არ არის ყველა მშობლისთვის პრიორიტეტი. მათთვის სკოლა გასართობი ცენტრის ერთგვარი ნაირსახეობაა. ფიქრობენ, რომ მაღალ კლასებში მოამზადებენ ბავშვებს რეპეტიტორთან და რომელიმე უნივერსიტეტში ჩააბარებინებენ, – დღეს ხომ საკმაოდ ადვილია გახდე სტუდენტი. ზოგი მშობელი ქვეცნობიერად ასეც ფიქრობს: „მე თუ განათლება არა მაქვს, ვერ ვიშოვე ფული?!“, რაც, დამეთანხმებით, ლუარსაბის თანამედროვე ვარიანტია: „მე თუ წიგნი არ ვიცი, კაცი აღარ ვარ?!“
ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება და ზუსტად აქ არის ჩვენი ნიშა: ჩვენ არ ვცდილობთ, ყველას მოვაწონოთ თავი, ჩვენი სკოლა მათთვისაა, ვისაც ესმის განათლების ფასი და ფიქრობენ, რომ განათლების გარეშე არ არსებობს თავისუფალი პიროვნება.
რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა „თავისუფალი“?
თავისუფალი და თავისუფლება ბევრის მომცველი სიტყვებია. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია აზრის თავისუფლება, რაც სიტყვის თავისუფლებაზე ბევრად მეტია. სიტყვის თავისუფლებაა, როცა შენ ამბობ იმას, რასაც ფიქრობ. აზრის თავისუფლებაა, როცა შენ ფიქრობ იმას, რასაც გრძნობ. მოკლედ, შეგიძლია, თუნდაც საკუთარ თავს უთხრა, რომ მეფე შიშველია.
თავისუფალი თავისუფალ ქცევასაც გულისხმობს?
დიახ, თუმცა იმ ბუნებრივ საზღვრამდე, როცა, მაგალითად, ერთი ბავშვის „თავისუფალი“ ქცევა ხელს უშლის გაკვეთილის ნორმალურ ჩატარებას და ამით ზღუდავს სხვა ბავშვის უფლებას მიიღოს ცოდნა მშვიდ, სასიამოვნო და სამუშაო გარემოში.
ზოგადად, თავისუფლება და წესრიგი არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებები, პირიქით. მე ორ ქვეყანას ვიცნობ კარგად, საქართველოს და შვედეთს (ორმაგი მოქალაქეობა მაქვს) და როდესაც ვადარებ, ვხვდები, რომ შვედეთში ერთდროულად თავისუფლებაც მეტია და წესრიგიც.
კიდევ რა პრიორიტეტებით გამოირჩევა თქვენი სკოლა?
უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოება, რაშიც სრულად ვთანხმდებით მშობლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური, ასევე მორალური თვალსაზრისით დაცულობა. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ბულინგი, როგორც ბავშვებს შორის, ასევე ბავშვსა და უფროსს შორის ნებისმიერი მხრიდან.
ამასთან მინდა აღვნიშნო ისიც, რომ გართობაც პრიორიტეტული საკითხია ჩვენთვის და ვთლით, რომ სწავლაც მაქსიმალურად სახალისო და გასართობი ფორმით უნდა მიმდინარეობდეს, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, სწავლა ზოგჯერ განსაკუთრებულ მობილიზაციასაც მოითხოვს მოსწავლისაგან.
თქვენ ახსენეთ, რომ კარგად იცნობთ შვედეთს. ხომ არ ფიქრობთ შვედური სისტემის გადმოღებაზე?
არა. ის, რომ შვედური განათლების სისტემა ბევრად ჯობია ქართულს, სულაც არ ნიშნავს რომ სტანდარტული შვედური სკოლა კარგ განათლება იძლევა. ეს მე კარგად გამოვცადე საკუთარ თავზე, ერთი, როგორც მშობელმა (ჩემი ორი ქალიშვილი იქ სწავლობდა და ძალიან გამიჭირდა მათთვის კარგი სკოლის შერჩევა) და მეორე, როგორც ლექტორმა, – ძალიან ცუდი დონის აბიტურიენტები მოდიოდნენ სკოლის მერხიდან და ლუნდის უნივერსიტეტში (სადაც ვმუშაობდი) ტექნიკურ ფაკულტეტებზე ერთ-ერთ საგნად ჩვეულებრივი სასკოლო პლანიმეტრიის კურსიც კი შემოვიღეთ პირველი კურსის სტუდენტებისთვის ლოგიკური აზროვნების განსავითარებლად. ეს კურსი ამოღებული იყო შვედური სკოლის პროგრამიდან მარტივი ლოგიკით: თუ ყველა ვერ სწავლობს პლანიმეტრიას, მაშინ არავის არ ვასწავლოთ.
კიდევ ერთი მომენტი: ის სისტემა, რაც არის შვედეთში, მორგებულია შვედურ ხასიათზე და შეიძლება არ იმუშავოს ქართულ რეალობაში. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ისტორია: როდესაც გორბაჩოვმა პერესტროიკის განთიადზე გამოაცხადა, რომ სურდა სოციალიზმის შვედური მოდელის აშენება საბჭოთა კავშირში, მისმა ერთ-ერთმა ოპონენტმა გადაჭრით უარყო ეს იდეა შემდეგი მარტივი არგუმენტით: ძალიან ცოტანი არიანო ჩვენს ქვეყანაში შვედები.
ჩვენ არცერთი მოდელის გადმოღებას არ ვაპირებთ, მაგრამ გადმოვიღებთ ყველა მოწინავე იდეას, რაც მიესადაგება ქართულ რეალობას. ამით ჩვენ შევქმნით ჩვენს საკუთარ მოდელს.
რადგან საბჭოთა კავშირი ვახსენე, იმასაც ვიტყვი, რომ კარგი იქნება, თუ განვთავისუფლდებით საბჭოური ტოტალიტარული აზროვნებისგან და მეტ თავისუფლებას მივცემთ სკოლებს. განათლება იმდენად რთული და ამოუწურავი მეცნიერებაა, არავინ უნდა ჩათვალოს, რომ ზუსტად მას აქვს განათლების ერთადერთი სწორი კონცეფცია და თავს მოახვიოს ყველა სხვას. იყოს სკოლების მრავალფეროვნება და ცხოვრება აჩვენებს რა არის სწორი და რა არა.
რა ფუნდამენტური მახასიათებლები განასხვავებს ქართველ და შვედ მოსწავლეებს?
შვედური განათლების სისტემის წარმატება დიდწილად ემყარება შვედურ ორგანიზებულობას და შრომისმოყვარეობას. საინტერესო მაგალითს მოგიყვანთ. როდესაც ლუნდის უნივერსიტეტში დავიწყე მუშაობა, თავიდან ყველაფერი ამიხსნეს, რა როგორ იყო და ბოლოს მითხრეს უცნაური რამ: შემეძლო სემინარებზე შესვლა ხუთი წუთით დამეგვიანა. ამან ძალზე გამაკვირვა. მანამდე სხვა შვედურ უნივერსიტეტში ვმუშაობდი და კარგად ვიცნობდი შვედურ პუნქტუალობას, პედანტიზმამდე მისულს. სხვათა შორის, გერმანელები იმავე ამბებს ყვებიან შვედურ პედანტიზმზე, რასაც ჩვენ ვყვებით გერმანელებზე. ახლა კი ეს გერმანელები კვადრატში მეუბნებოდნენ, რომ შემეძლო სემინარზე ხუთი წუთით დაგვიანება. აღმოჩნდა რა? სტუდენტებს ეს ხუთი წუთი სჭირდებოდათ, რომ ამოეღოთ რვეულები და წიგნები, სახლში ამოხსნილი ამოცანებისთვის თვალი გადაევლოთ და კითხვები მოემზადებინათ. მართლაც, როდესაც სემინარზე შევდიოდი, ყველანი წიგნებში და რვეულებში იყვნენ ჩაფლულნი. თბილისში ასეთი შემთხვევა არ მქონია. პირიქით, პირველი ხუთი წუთი სტუდენტების დაწყნარებას სჭირდება.
სხვა მაგალითსაც გეტყვით: როდესაც ჩემი ორი წლის ბიჭი შვედური საბავშვო ბაღიდან სახლში მოვიდოდა, გადმოალაგებდა სათამაშოებს, ითამაშებდა და ბოლოს უთქმელად აალაგებდა, ზუსტად ისე, როგორც ასწავლეს ბაღში. ახლა ეს ბიჭი 21 წლისაა, ცხოვრობს თბილისში და საკუთარი ნახმარი თეფშის მიტანაც ვერ ვასწავლეთ ნიჟარამდე. უფრო სწორედ, არ ვასწავლეთ.
დღეს არსებობს მოსაზრება იმისა შესახებ, რომ სკოლამ ბავშვს არა მარტო სხვადასხვა სფეროში უნდა მისცეს განათლება, არამედ ცხოვრებისთვის უნდა მოამზადოს…
ერთი მეორეს არ გამორიცხავს. როგორ იქნება ბავშვი მომზადებული ცხოვრებისთვის, თუ მას არ ეცოდინება ელემენტარული პროცენტის დათვლა ან ორი სიტყვა არ ეცოდინება უცხო ენაზე? მეტიც, ვფიქრობ, ბიოლოგიაში უფრო მნიშვნელოვანი დრო უნდა ეთმობოდეს ადამიანის ორგანიზმისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესწავლას, ვიდრე, ვთქვათ, ამების უჯრედის დეტალური აგებულების დაზუთხვას. ისტორიაშიც არ არის აუცილებელი უამრავი ფაქტისა და თარიღის დაზეპირება. ბევრად მნიშვნელოვანია წაკითხულის კრიტიკული გააზრება, სხვადასხვა მოვლენას შორის ლოგიკური კავშირის დანახვა და, თუნდაც, სწორი კითხვების დასმა. სხვათაშორის, თავისუფალ უნივერსიტეტში გამოცდები ღია წიგნის პრინციპით ტარდება და სტუდენტს შეუძლია ყველა ფაქტობრივი მონაცემი წიგნიდან ამოიღოს პირდაპირ გამოცდის მსვლელობისას.
მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ჩვენი სკოლა გეგმავს, მოსწავლეებს შეუქმნას საბაზისო წარმოდგენა ცხოვრებისათვის საჭირო ისეთ პრაქტიკულ საგნებზე, როგორიცაა სამართალი, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები და ა.შ.
კარგი სკოლა თავიანთი საქმის პროფესიონალი პედაგოგების გარეშე წარმოუდგენელია. როგორ შეარჩიეთ პედაგოგები?
ძალიან მარტივად. გამოვაცხადეთ მაღალი ხელფასები და ვინც დაგვთანხმდა, ისინი ავიყვანეთ. სერიოზულად რომ გიპასუხოთ, პედაგოგები დიდი პრობლებაა საქართველოში. გასაუბრებებმა გვიჩვენა, რომ, სამწუხაროდ, მათემატიკის პედაგოგთა 80-მა პროცენტმა თავად არ იცის ის სასკოლო კურსი, რაც უნდა ასწავლოს. მე მათემატიკოსი ვარ და მათემატიკის საგანში მივცემ თავს უფლებას ასე გადაჭრით ვისაუბრო, თუმცა, ალბათ, სხვა საგნებშიც იგივე მდგომარეობაა. არაა ასეთ თემებზე საუბარი სასიამოვნო, მაგრამ განათლებაში დიდწილად იმიტომაც არის არასახარბიელო მდგომარეობა, რომ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, რამდენად ცუდადაა საქმე. ამის გამოსწორებას ბევრი დრო და ენერგია დასჭირდება.
თქვენ რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ პედაგოგები?
ჩვენმა პედაგოგებმა გაიარეს ტესტი ლოგიკურ აზროვნებაში, საკუთარ საგანში (თავისუფალი უნივერსიტეტის შესაბამისი საგნის პროფესორებთან) და წარმოგვიდგინეს პედაგოგიური უნარები კონკრეტული თემის ახსნით სასკოლო კურსიდან.
ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი პედაგოგები არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ მორალურადაც იყვნენ დაფასებულნი. მათ არ ეძლევათ ინსტრუქცია სკოლის ადმინისტრაციისაგან, რომ, მაგალითად, მოუმატონ ბავშვებს ნიშნები, კმაყოფილი ჰყავდეთ მშობლები და, ზოგადად, ყველაფერი გააკეთონ მათ საამებლად, რაც, საბოლოოდ, მაინც მშობლებისთვისაა საზიანო (იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენთან, საბედნიეროდ, ასეთი მშობელი ცოტაა). ჩვენთვის სკოლა არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი