მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის შექმნის ინიციატივა გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ 23 ივნისს სტარტაპერებთან პარტიის ეკონომიკური გუნდის გაცნობით შეხვედრაზე გაახმოვანა.
„როგორც პარტიის პროგრამული ხედვის დოკუმენტით არის გათვალისწინებული, ეს იქნება ერთი ფანჯრის პრინციპზე აწყობილი მცირე ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც იკისრებს მცირე ბიზნესის წახალისების, განვითარებისა და ადვოკატირების როლს საქართველოს ყველა რეგიონში პრინციპით „ახლოს ბიზნესთან“, რაც გულისხმობს რეგიონის ლოკალურ სპეციფიკაზე მორგებული ინსტრუმენტების შეთავაზებას მცირე ბიზნესის დაწყებისა და განვითარების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის როგორც წარმოების, ისე მომსახურების სფეროში. შესაძლებელია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის კონსოლიდაცია სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა თუ წარმოების სხვა სექტორებიდან, მათგან მცირე ბიზნესის კრიტერიუმის ნიშნით პროგრამების გამოყოფა, ერთი ფანჯრის პრინციპით გაერთიანება და საქართველოს მოქალაქისთვის გაცილებით მარტივი და მოქნილი პლატფორმის შეთავაზება არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ საკონსულტაციო და სხვა მხარდამჭერი ინსტრუმენტების შეთავაზებით“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ სტარტაპერებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში კომპანიათა საერთო რაოდენობის საშუალოდ 90% სწორედ მცირე და საშუალო ზომის ფირმებზე მოდის, რომლებიც, თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების ორ მესამედს ქმნიან.
გიორგი შარაშიძე: „ამერიკული მოდელი ყველაზე ეფექტურად მიმაჩნია. ვგულისხმობ, ამერიკის შეერთებული შტატების მცირე ბიზნესის ადმინისტრაციას (SBA), რომელიც ამერიკაში ჯერ კიდევ 1953 წელს შეიქმნა და დღემდე მის მთავარ მისიას ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში ამერიკელების დახმარება წარმოადგენს, რასაც ეფექტურად ართმევს თავს გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის ეკონომიკური აქტივობის ნახევარს სწორედ მცირე ბიზნესი ქმნის“.
რაც შეეხება სტარტაპ ეკოსისტემას, პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვის დოკუმენტში ვკითხულობთ:
სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფო მხარდაჭერის შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება სტარტაპ ეკოსისტემის თანაბრად შემადგენელი, მაგრამ ამავე დროს, მკვეთრად განსხვავებული სპეციფიკისა და ერთმანეთისგან გამიჯნული ამოცანებისა და საჭიროებების მქონე ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულებისთვის:
მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ძირითადად, მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებს აკმაყოფილებს, არ საჭიროებს ინოვაციაზე დაფუძნებულ კონკურენტულ უპირატესობას, ზრდის შემთხვევაში კი მცირე ან საშუალო ზომის კომპანიად ყალიბდება.
ინოვაციური ბიზნესი, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა ტიპის ინოვაციას, მათ შორის, ტექნოლოგიების, ბიზნეს პროცესის ან ბიზნეს მოდელის ინოვაციას და გააჩნია პოტენციური კონკურენტული უპირატესობა, სცილდება ადგილობრივი ბაზრის ფარგლებს, რეგიონულ ან გლობალურ მასშტაბზე აგრძელებს საქმიანობას და საერთაშორისო კომპანიად ყალიბდება.
ზემოაღნიშნულისთვის, შეიქმნება ისეთი ეკონომიკური გარემო, სადაც ორივე ტიპის ბიზნესი გვერდიგვერდ იარსებებს, მაგრამ მათი წარმატებული განვითარებისთვის მნიშვნელოვნად განსხვავებული ინიციატივები და მხარდამჭერი მექანიზმები იქნება ხელმისაწვდომი. კერძოდ:
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა იქნება სახელმწიფოს პრიორიტეტი და შეიქმნება სამთავრობო სტრუქტურათა შორის ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს რესურსების ეფექტიან განაწილებას პოტენციურ ბენეფიციარებზე.
საგრანტო მექანიზმებთან ერთად, ინოვაციური ბიზნესის მხარდაჭერა საინვესტიციო კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაზრდით გაგრძელდება. ამისათვის, მოხდება როგორც ქართველ, ისე უცხოელ კერძო ინვესტორებთან და ვენჩურული კაპიტალის კომპანიებთან აქტიური მუშაობა, მათ შორის, მათი საქართველოში შემოყვანა და პოტენციურად წარმატებულ ქართულ სტარტაპებში გრძელვადიან ინვესტირებაში დაინტერესების ხელშეწყობა.
სტარტაპერებთან შეხვედრას ესწრებოდნენ პარტია „საქართველოსთვის“ ეკონომიკის პლატფორმის წევრები: ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, გიორგი აბაშიშვილი, გიორგი შარაშიძე, საბა ჯიქიძე.
ბექა ლილუაშვილი: „ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების სხვადასხვა მოსაზრებები უშუალოდ სტარტაპერებისგან მოვისმინეთ. იყო ძალიან პრაქტიკული მოსაზრებები, როგორც ტექნოლოგიური სტარტაპების, ისე მცირე ბიზნესის მიმართულებით. ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მცირე ბიზნესი იქცეს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად, თუმცა ამავე დროს სახელმწიფოს უნდა ქონდეს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი როლი ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაში“.
პარტიის ეკონომიკური პლატფორმის წევრებმა მჭიდრო კომუნიკაციისა და გამოცდილების მუდმივი გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს, იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს სტარტაპ და ბიზნეს ეკოსისტემის განვითარების პროგრამული ნაწილი.