ლარს ნიტვეს ჯერ კიდევ ახსოვს 2010 წლის ბრიფინგი, როდესაც მას ჰონკონგის უახლესი ხელოვნების ინსტიტუტის დამაარსებლობა და ხელმძღვანელობა სთხოვეს: „ჩვენ გვინდა შექმნათ მუზეუმი, რომელსაც აზიაში ანალოგი არ გააჩნია“. საჯარო განხილვების მიმდინარეობისას, ჰონკონგელებმა განაცხადეს, რომ დასავლეთ კოულუნში დაგეგმილ ახალ კულტურულ რაიონში, ოთხი განსხვავებული მუზეუმის ხილვა სურდათ. სანაცვლოდ, ხელისუფლებამ საჯარო დაფინანსების მქონე ერთი სუპერმუზეუმის მოწყობა გადაწყვიტა, რომელიც მოიცავდა ვიზუალურ ხელოვნებას, დიზაინს, არქიტექტურას და მოძრავ გამოსახულებას. ჰონკონგელი დიზაინერი და პროექტის მრჩეველი, ფრიმან ლაუ ფიქრობდა, რომ ეს უბრალოდ მუზეუმზე მეტი უნდა ყოფილიყო. სწორედ ლაუმ მოიხსენია პირველად მუზეუმი, როგორც M+. დასახელება შემორჩა და 10 წლის შემდეგ M+ის გახსნის სამუშაოები დასრულების პირასაა. 2020 წელს მუზეუმი სატესტო რეჟიმში ამუშავდება, ხოლო 2021 წელს ოფიციალურად გაიხსნება.
ევროპასა და აშშ-ში, მუზეუმებისგან და სამხატვრო სასწავლებლებისაგან სტუმრები მოელიან, რომ მათი კულტურული მადა განცალკევებული „კერძებით“ დაკმაყოფილდება. ამავე დროს, ჰონკონგი ცვალებადი გავლენებისა და იდეების ადგილი ყოველთვის იყო. გრაფიკული მხატვრები, დიზაინერები და რეჟისორები აქ ერთმანეთს მარტივად ენაცვლებიან და მათი შემოქმედებითი საქმიანობის სტილი დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებულია. თუ სადმე არის ქალაქი, სადაც მულტიდისციპლინური მუზეუმის არსებობა აუცილებელია, ეს ჰონკონგია. როგორც ბატონი ნიტვეს მემკვიდრე, M+ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი სუჰანია რაფელი ამბობს: „კოსმოპოლიტიზმი ჩვენი სიძლიერეა“.
M+ დასავლეთ კოულუნის ახალი კულტურული რაიონის ცენტრალური ნაწილი იქნება. ჰონკონგის კუნძულის გასწვრივ, სოლისებრი ფორმის კონტინენტური მიწის ნაჭერზე მდებარე რაიონი ნელ-ნელა თავის საბოლოო სახეს იღებს. საბოლოო ჯამში, აქ ასევე ამოქმედდება ხელოვნების პარკი, თეატრი და კულტურული ღონისძიებების ჩასატარებელი სივრცეები; გარდა ამისა, ცენტრი კანტონის ოპერისათვის და „სიძუის“ ან ტრადიციული ჩინური თეატრის სხვა ჟანრებისთვის; ჰონკონგის სასახლის მუზეუმი − პეკინის „აკრძალული ქალაქის“ მუზეუმის განშტოება.
ტრადიციულად, ჰონკონგელები მუზეუმების განსაკუთრებული მოყვარულები არ არიან. ამიტომაც, M+ის შენობა მიმზიდველი უნდა ყოფილიყო. ასევე, საჭირო იყო, რომ მაღალი ნაგებობებით დატვირთულ, მჭიდრო ურბანულ ზონაში მუზეუმის შენობას გარკვეული თვითმყოფადობის ნიშნები ჰქონოდა. Herzog & de Meuron-ის შვეიცარიელმა არქიტექტორებმა ამოცანა ვრცელი გალერეების დაპროექტებით გადაწყვიტეს. ისინი იმედოვნებენ, რომ დიდი სივრცეები ვიწრო საცხოვრებელ გარემოს მიჩვეული ჰონკონგელების აღფრთოვანებას გამოიწვევს. პროექტის მიხედვით, გალერეების ზემოთ, ბრტყელი ფასადის მქონე, მრავალსართულიანი „კოშკი“ შენდება. აქ მუზეუმის ადმინისტრაციული ოფისები განთავსდება. კოშკის ფასადზე სინათლის მსოფლიოში უდიდესი დიოდური მონიტორები დამონტაჟდება − 110 მეტრი 65 მეტრზე. ეკრანზე მუზეუმის შეკვეთით, სპეციალურად შექმნილი ხელოვნების ნიმუშების პროეცირება მოხდება. ამ ნამუშევრების ხილვას არა მხოლოდ მუზეუმის შენობის სახურავის ტერასიდან, არამედ ნაპირის მეორე მხარეს, ჰონკონგის კუნძულზე მყოფი ადამიანებიც მოახერხებენ (მათთვის ეს გიგანტური ტელევიზორის ეკრანივით იქნება).
პროექტმა ქალაქის დაინტრიგება შეძლო. მუზეუმის დროებით სივრცეში, M+ პავილიონში მოწყობილი ბოლო ღონისძიების კვლევა აჩვენებს, რომ ვიზიტორების 65%-ის ასაკი 15-დან 34 წლამდეა. ეს ვითარება განსხვავდება ევროპისა და აშშ-ის მუზეუმებისგან, სადაც მნახველთა უმრავლესობა სკოლის მოსწავლეები ან საშუალო ასაკისანი არიან. M+ით დაინტერესების ერთ-ერთი მიზეზია მუდმივმოქმედი გამოფენები. ამ მიმართულებას მუზეუმის მესვეურები იგივე შემართებით ავითარებენ, როგორც შენობის პროექტირება-მშენებლობას. ხელოვნების ნიმუშების მოპოვებაში, 1,2 მილიარდი ჰონკონგური დოლარის (155 მლნ აშშ დოლარი) სახელმწიფო გრანტის მეშვეობით, მუზეუმმა ადრეულ წარმატებას მიაღწია. 2012 წელს ბატონმა ნიტვემ შვეიცარიელი ბიზნესმენი, ული სიგი დაარწმუნა და ამ უკანასკნელმა მუზეუმს თანამედროვე ჩინური ხელოვნების 1500 ნიმუში გადასცა. ბატონმა სიგმა შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი ჩინეთში გაატარა და ასეთი ტიპის მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი კოლექცია შეაგროვა. მუზეუმისათვის გადაცემული ნამუშევრებიდან ბევრს ძლიერი პოლიტიკური კონოტაცია აქვს. ბატონი სიგი, რომელსაც კოლექციის ჩინეთში დაბრუნების სურვილი ყოველთვის ჰქონდა, ჰონკონგის მყარი საკანონმდებლო სისტემით და თავისუფალი ნების გამოხატვის ტრადიციით მოიხიბლა.
თუმცა, 2019 წლის ჰონკონგის დაძაბულობა შეშფოთებას იწვევს. ჰონკონგის ხელისუფლება პეკინის ზედმეტად გაღიზიანებას მაინც ერიდება და შესაბამისად, ზოგჯერ, სახელოვნებო სფეროშიც ერევა. 2016 წელს, მსოფლიო ტურნეს, სახელწოდებით „მართალი მტყუანია“ (Right Is Wrong), დასკვნითი ეტაპის ფარგლებში, ჰონკონგში ბატონი სიგის კოლექციის ნიმუშები გამოიფინა. ტერიტორიის მაშინდელმა გუბერნატორმა (ამჟამად ხელმძღვანელი), კარი ლამმა ღონისძიებისათვის უფრო ნეიტრალური სახელწოდების შერჩევა და გამოფენის სატიტულო გვერდისთვის სხვა გამოსახულების შერჩევა ითხოვა. ტურნეს ფარგლებში, კატალოგის ყდაზე წარმოდგენილი იყო ტიანანმენის მოედნის ცნობილი სატირული გამოსახულება, რომელიც ჰონკონგში ში სინინგის ფერწერულმა ნამუშევარმა ჩაანაცვლა − „მაო ძედუნი მარსელ დუშამის პისუარს ათვალიერებს“ (იხილეთ წინა გვერდზე).
ბატონი სიგის კოლექცია ნათელს ჰფენს ჩინეთის თანამედროვე ხელოვნებას, კულტურული რევოლუციის დასაბამიდან, თავისი უსახელო ჯგუფის მხატვრებით − პირველი იატაკქვეშა სამხატვრო მოძრაობა. ული სიგმა პატრონაჟი გაუწია (ადრეულ შემოქმედებით ეტაპზე) აი ვეივეის, რომელმაც განაცხადა: „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სახელგანთქმული გავხდი, ის იყო, ვინც მე შემქმნა“. მუზეუმის გახსნიდან სამი წლის განმავლობაში, ბატონი სიგის კოლექციას ცალკე გალერეა დაეთმობა, სადაც ნამუშევრები როტაციული პრინციპით გამოიფინება. შემდგომ, სიგის კოლექციასთან ერთად გამოიფინება სხვა, უფრო ახალი ნამუშევრები. ასეთი მიდგომა ჩინური თანამედროვე ხელოვნების უფრო სრულყოფილად წარმოდგენას ისახავს მიზნად.
ბატონ სიგის ჟესტი შთაგონების წყარო აღმოჩნდა სხვა შემოწირულობებისა და შენაძენების კონტექსტშიც. ერთ-ერთი ასეთი შენაძენია Archigram-ის არქივი. Archigram ბრიტანული, ავანგარდული არქიტექტურული ჯგუფია, რომელიც 1960-იან წლებში ჩამოყალიბდა. ჰონკონგის ბევრი არქიტექტორი სწორედ აქ სწავლობდა. კიდევ ერთი შენაძენია 37 ნამუშევრისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც კონტინენტურ ჩინეთში მომუშავე კოლექციონერმა, გუან იმ შეაგროვა. 2003 წლის ვენეციის ბიენალეზე, Pearl River Delta-ს მხატვრების საერთაშორისო გამოფენა მან პირველად მოაწყო. M+მა შემოწირულობები მიიღო ასევე ტაილანდიდან, ინდოეთიდან და იაპონიიდან.
მართლაც, წარმოდგენილი კოლექციების ინტერნაციონალიზმმა შესაძლოა M+ უნიკალური გახადოს. აზიის მუზეუმების უმეტესი ნაწილი საცავის პრინციპით მუშაობს. ისინი გვიყვებიან ხელოვნების ისტორიას საკუთარ ქვეყნებში და ვერ აღწერენ სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანთა ურთიერთზეგავლენას. თუ M+ ახალი კავშირების დამყარებაში წარმატებას მიაღწევს (მაგალითად, როგორც დუშამმა შთააგონა ჩინელი მხატვრები, ან როგორი გავლენა მოახდინეს ერთმანეთზე იაპონელმა და კორეელმა მხატვრებმა, მიუხედავად ორი ერის წინააღმდეგობრივი მე-20 საუკუნის ისტორიისა), ეს იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ვიზიტორებისათვის უბრალოდ აზიის ახალი სახის ჩვენება. მუზეუმი ხელოვნების ისტორიას თავიდან დაწერს.
ფიამეტა როკო, კულტურის კორესპონდენტი, The Economist და 1843, ჰონკონგი