დღეს, 18:00 საათზე სასტუმრო „სტამბაში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ახალგაზრდა მეწარმე ქალები საკუთარ გამოცდილებას აუდიტორიას PechaKucha ფორმატით გაუზიარებენ. მსოფლიოში პოპულარული პლატფორმა PechaKucha Night, რომელიც არაფორმალურ გამოსვლებს აერთიანებს და თბილისში უკვე მეთოთხმეტედ ტარდება, ამჯერად თემას „ქალები თანასწორი ბიზნესისთვის“ მიეძღვნება.
ღონისძიებაში 6 ქართველი მეწარმე ქალი მონაწილეობს. თითოეული მათგანი საკუთარ 6-წუთიან პრეზენტაციაში, საქმიანობის წარდგენასთან ერთად, სტუმრებს უამბობს, თუ რატომ არის თემა „ქალები თანასწორი ბიზნესისთვის“ მნიშვნელოვანი, აქტუალური, საინტერესო და შთამაგონებელი. აღსანიშნავია, რომ მონაწილეების უმეტესობამ ბიზნესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მხარდაჭერით დაიწყო ან განავითარა. მონაწილეებს შორის არიან თიბისის პროგრამა სტარტაპერის ბენეფიციარი ქალებიც.
PechaKucha Nights არის პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ინოვატორები, მეწარმეები და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებზე, პროექტებსა და ნამუშევრებზე უყვებიან. იგი ტოკიოში, 2003 წელს, ახალგაზრდა დიზაინერებმა წამოიწყეს და დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართება. ღონისძიების ფორმატი მონაწილეებისგან 20 ვიზუალისგან შემდგარი პრეზენტაციის წარდგენას ითვალისწინებს, თითოეულზე სასაუბროდ კი მათ მხოლოდ 20 წამი აქვთ.
საქართველოში PechaKucha Nights 2018 წლიდან ტარდება. 11 ივნისის ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის სტარტაპ ბიურო, მხარდამჭერები კი გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ფრიდრიხ ნიუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია და თიბისი ბიზნესისთვის არიან.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2017 წლიდან მუშაობს. ეს საქმიანობა ბიზნესის დაწყებისა და სტარტაპების წახალისებას, მეწარმეობის განვითარებას, შესაბამისი ცოდნისა და უნარების გაძლიერებას, მცირე გრანტების გაცემასა და სხვა ინიციატივებს მოიცავს. PechaKucha Night-ის მხარდაჭერაც სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილია.