VisaNet-ის უახლესი მონაცემების მიხედვით, საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, პირველ ადგილს იკავებს უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით.
სწრაფი, უსაფრთხო და უკონტაქტო გადახდების მაჩვენებლით, საქართველო 200-ზე მეტ ქვეყანას შორის, სადაც Visa ოპერირებს, ლიდერი ქვეყანაა, რომლის შემდეგ, მე-2 და მე-3 ადგილებს ავსტრალია და უნგრეთი იკავებენ.
VisaNet-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველოში Visa ბარათებით განხორციელებული 10 ტრანზაქციიდან, თითქმის, 10-ვე უკონტაქტოა.
Visa, როგორც მსოფლიო ლიდერი ციფრულ გადახდებში, ერთგულად განაგრძობს ინოვაციური
ტექნოლოგიების დანერგვას ყველა ქვეყანაში, სადაც ის ოპერირებს, უცვლელი მისიით – შესთავაზოს ყველას, ყველგან თანხის გადახდისა და მიღების ინოვაციური საშუალებები. მრავალი წლის განმავლობაში, Visa აქტიურად თანამშრომლობს ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებთან საქართველოში და ხელს უწყობს თანამედროვე გადახდის ეკოსისტემისა და უნაღდო ეკონომიკის განვითარებას.
“ამაყი ვარ, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით, პირველ ადგილს იკავებს, რაც მოწმობს Visa ბარათის მფლობელების მზადყოფნას – განახორციელონ უსაფრთხო, სწრაფი და მოსახერხებელი გადახდები. მინდა, მივულოცო Visa ბარათის მფლობელებსა და ჩვენს პარტნიორებს ეს წარმატება, რაც ჩვენი მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია. მიხარია, რომ საქართველო მზად არის ინოვაციებისა და გადახდის ახალი მეთოდების მისაღებად,” განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.