ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მათ შორის სოფლად მცხოვრები ქალების, გადამწყვეტია საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. განათლებაზე წვდომა, დასაქმება და მეწარმეობის შესაძლებლობები ქალებს საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ უკეთესი შემოსავალი საკუთარი თავისთვის და ოჯახებისთვის.
ეკონომიკურად გაძლიერებული ქალები უფრო აქტიურად მონაწილეობენ სამოქალაქო აქტივობებში და დემოკრატიულ პროცესებში.
სოფლად მცხოვრები ქალების პროფესიული პოტენციალის ზრდაში წვლილის შეტანით, CENN ეხმარება საქართველოს, გამოიყენოს თავისი პოტენციალი, როგორც მდგრადმა, დემოკრატიულმა და ძლიერმა ქვეყანამ.
წლების განმავლობაში, სხვადასხვა პროექტების მეშვეობით, ორგანიზაციამ გასცა გრანტები ბევრ ადგილობრივზე, რითაც დაეხმარა მათ თავიანთი ბიზნეს იდეების განხორციელებაში და ოცნებების ახდენაში, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია გაუმჯობესდა სოციალურად დაუცველი ოჯახების, ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებით.
სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობა
გაძლიერება არის პროცესი, რომლითაც ადამიანები აფართოებენ თავიანთ შესაძლებლობებს, მიიღონ სტრატეგიული ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადრე მათ ეს შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
ოჯახური პასუხისმგებლობის ერთობლიობა და კრიტიკულ სერვისებზე, ინფორმაციასა და ტექნოლოგიებზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობა გავლენას ახდენს ქალების სამუშაო დატვირთვაზე და მათ პოტენციალზე, მიიღონ შემოსავლი. მაგალითად, მიწაზე ნაკლები უფლებები ართულებს ქალების მხრიდან სუბსიდიებსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას.
გლობალურად, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სოფლად მცხოვრები ქალები უფრო ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები და ქალაქში მცხოვრები ქალები და მამაკაცები, ყველა არსებული ხელმისაწვდომი ინდიკატორის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის საერთოა გამოწვევები, როგორიცაა სოფლად ცხოვრება და გენდერული დისკრიმინაცია, სოფელში მცხოვრები ქალები და გოგონები არ წარმოადგენენ ერთგვაროვან ჯგუფს. შესაძლებლობები და შეზღუდვები, რომლებსაც ისინი აწყდებიან, განსხვავდება მათი ცხოვრების, კონტექსტისა და გარემოებების მიხედვით: მათზე გავლენას ახდენს მდებარეობა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სოციალური იდენტობები, დაკავშირებული მარგინალიზაციის სხვა ფორმებთან, როგორიცაა ეთნიკური წარმომავლობა, ასაკი, შეზღუდული შესაძლებლობები და მიგრანტის ან ლტოლვილის სტატუსი.
არსებობს მტკიცებულება, რომ როდესაც სოფლად მცხოვრებ ქალებს აქვთ თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, უნარების განვითარებაზე, მომსახურებაზე, პროდუქტიულ რესურსებზე და დასაქმების შესაძლებლობებზე, ისინი უფრო დაცულნი არიან დისკრიმინაციისა და გენდერული ძალადობისგან (GBV) და მათ ფერმაში მოსავლიანობა იზრდება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდა-განვითარებას და კვების უსაფრთხოებას. ხელსაყრელ გარემოში ისინი ლიდერები არიან თავიანთ საზოგადოებებში და ბიზნესში, უზრუნველყოფენ მდგრად და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ადგილობრივ და გლობალურ გამოწვევებზე.
სოფლად მცხოვრებ ქალებს ნაკლები წვდომა და კონტროლი აქვთ პროდუქტიულ რესურსებზე, ტექნოლოგიებზე, სერვისებსა და შესაძლებლობებზე, ვიდრე მამაკაცებს. მათ ასევე აკლიათ თვითშეფასება, თავდაჯერებულობა, მოლაპარაკების და ლიდერობის უნარები და ხშირად აქვთ განათლების უფრო დაბალი დონე მამაკაც კოლეგებთან შედარებით.
ბევრი სოფლად მცხოვრები და ადგილობრივი გოგონა და ახალგაზრდა ქალი აწყდება უზარმაზარ ბარიერებს შრომის ბაზარზე, შეზღუდულია დაბალი სტატუსის მქონე, ცუდად ანაზღაურებადი სამუშაოებით, იურიდიული ან სოციალური დაცვის გარეშე, აუცილებელ სერვისებზე და ადეკვატურ ჯანდაცვაზე წვდომის გარეშე. ბევრი მათგანი გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლია საკუთარ სახლებში, თემებსა და სამუშაო ადგილებზე. გენდერული დისკრიმინაციული ქცევები და პრაქტიკა, ჩვეულებრივ, ყალიბდება სოციოკულტურული ნორმებით ქალებისა და გოგონების, მამაკაცებისა და ბიჭების როლებთან დაკავშირებით.
სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობა
როგორც ფერმერები და ფერმაში დასაქმებულები, მებაღეები და გამყიდველები, ბიზნესმენები, მეწარმეები და საზოგადოების ლიდერები, ისინი ასრულებენ მნიშვნელოვან როლს აგროსასურსათო ღირებულების ჯაჭვებში, ისევე როგორც ბუნებრივი რესურსების მართვაში, როგორიცაა მიწა და წყალი.
როდესაც სოფლად მცხოვრებ ქალებს აქვთ წვდომა რესურსებზე, სერვისებსა და შესაძლებლობებზე, ისინი ხდებიან მამოძრავებელი ძალა შიმშილის, არასრულფასოვანი კვების და სოფლად სიღარიბის წინააღმდეგ.
კვლევები აჩვენებს კავშირს ქალთა განათლებას, მათი სოციალური სტატუსის ზრდასა და სიღარიბისა და შიმშილის შემცირებას შორის.
სოფლად მცხოვრები ქალების სწორი მხარდაჭერით, ისინი შეიძლება იყვნენ ცვლილებების აგენტები, რაც ხელს შეუწყობს მათი ოჯახებისა და თემების ცხოვრების გაუმჯობესებას.
ქალებს სოფლის მეურნეობასა და სოფლის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, მაგრამ ისინი უამრავ ისეთ გამოწვევას აწყდებიან, რასაც მამაკაცები არ ხვდებიან. მათ ნაკლები წვდომა აქვთ რესურსებსა და სერვისებზე, მათ შორის მიწაზე, ფინანსებზე, ტრენინგსა და აღჭურვილობაზე. გარდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისა, ისინი ზედმეტად არიან დატვირთული დიასახლისობით და აღმზრდელობითი საქმიანობით.
მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახის, ორგანიზაციებისა და თემების პროდუქტიული წევრები არიან, სოფლად მცხოვრებ ქალებს ყოველთვის არ შეუძლიათ, ხმა აიმაღლონ და ჩაერთონ საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივ საკითხებში, როგორიცაა ბიზნესი და ფულის განკარგვა, საკუთარი შემოსავლების მართვაც კი.
როდესაც ქალები ძლიერდებიან, ამით ოჯახები, თემები და ქვეყნები სარგებლობენ.
კავშირები სიღარიბესა და ოჯახებში გენდერულ უთანასწორობას შორის
კვლევები აჩვენებს, რომ არსებობს კავშირი სიღარიბესა და გენდერულ უთანასწორობას შორის ოჯახში. ქალების სტატუსის გაუმჯობესება ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდას და შრომის სამართლიან განაწილებას, ბავშვთა კვების გაუმჯობესებას, ვინაიდან ქალები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, თავიანთი შემოსავალი დახარჯონ საკვებსა და განათლებაზე, ვიდრე მამაკაცები.
ქალთა სტატუსის გაუმჯობესებამ გამოიწვია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდა და შრომის უფრო სამართლიანი განაწილება.
დაფიქსირდა სხვა მნიშვნელოვანი შედეგებიც, როგორიცაა ბავშვთა კვების გაუმჯობესება, რადგან ქალები უფრო მეტად ხარჯავენ თავიანთ შემოსავალს საკვებსა და განათლებაზე, ვიდრე მამაკაცები.
გაძლიერებულ ქალებს შეუძლიათ, უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ საკითხებში და წაახალისონ ადგილობრივი ინკლუზიური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს სოფლის განვითარებას.
ქალები აქტიურად არიან ჩართულნი კვების სისტემებში სხვადასხვა როლებში, წარმოებიდან და გადამუშავებიდან საცალო ვაჭრობამდე და მოხმარებამდე. ქალები ზრდიან და მართავენ მოსავალს, უვლიან პირუტყვს, მუშაობენ აგრობიზნესში და სურსათის საცალო ვაჭრობაში, ამზადებენ საკვებს ოჯახებისთვის და მრავალი სხვა. მაგრამ ქალების წვლილი კვების სისტემებში ხშირად ოფიციალურად არ არის აღიარებული და ქალები ხშირად აწყდებიან დაბრკოლებებს, რაც ხელს უშლის მათ თანაბარი და სამართლიანი პირობებით ჩართულობაში. ბევრ ქვეყანაში ქალებს აქვთ ნაკლები წვდომა განათლებაზე, ვიდრე მამაკაცებს, აკონტროლებენ ნაკლებ რესურსებს, აქვთ ნაკლები გადაწყვეტილების მიღების უფლება ოჯახის შემოსავლებზე და აწყდებიან დროის შეზღუდვებს პროდუქტიული, საშინაო და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობების სამმაგი ტვირთის გამო.
CENN-ის წვლილი სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებაში
სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება CENN-ის საქმიანობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტია სოფლად სიღარიბის შესამცირებლად და სურსათის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წლიდან ახორციელებს პროექტს „კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli“. პროექტის საერთო მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შემოსავლის მიღების შესაძლებლობების მხარდაჭერა ეკოლოგიურად სუფთა და კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის (CRA) პრაქტიკის განვითარებისა და პოპულარიზაციის გზით.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯგუფია სოფლად მცხოვრები ქალები (პროექტის პირდაპირი ბენეფიციარების 60%-ზე მეტი ქალია).
კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის შესახებ ცოდნის, ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გაზიარებით, CENN-ის ინტერვენცია ეხმარება სოფლად მცხოვრებ ქალებს, აწარმოონ მაღალი ხარისხის საკვები, დაუკავშირდნენ ბაზრებს, გაზარდონ შემოსავალი, გახდნენ უფრო ინფორმირებული და შეიძინონ საჭირო უნარები.
კერძოდ, პროექტის ფარგლებში ტარდება შესაძლებლობების განვითარების აქტივობები, როგორიცაა თემატური ტრენინგები, საველე დღეები და სასწავლო ვიზიტები. გარდა ამისა, პროექტის დახმარებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში შეიქმნა ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „მწვანე მარადისი“, რომელიც აერთიანებს იქ მცხოვრებ 10 ფერმერს, რის საფუძველზეც მოეწყო თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სათბური.
სასათბურე მეურნეობაში კოოპერატივის წევრები ზრდიან მაღალი ხარისხის ბოსტნეულის ჩითილებს კლიმატისადმი მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გამოყენებით. CENN უზრუნველყოფს კოოპერატივის შესაძლებლობების განვითარებას: ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარებას სათბურის მენეჯმენტისა და მოვლა-პატრონობის შესახებ, ნერგების წარმოებაში, ხელს უწყობს მომგებიანი სერვისების დანერგვას და ბაზრის აქტორებთან კავშირებს.
პროექტის მონაწილეების რეალური მაგალითებისა და წარმატების ისტორიების გასაცნობად GEORGIA TODAY გაესაუბრა მის ერთ-ერთ ბენეფიციარს, CENN-ის პროექტის ფარგლებში შექმნილი ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრს ნაირა ბოლქვაძეს. ნაირა 10-მდე ადგილობრივთან ერთად, რომელთა უმრავლესობაც ქალია, მარნეულის მუნიციპალიტეტში სათბურს მართავს, რომელიც CENN-ის ძალისხმევით უახლესი ტექნოლოგიების სარწყავი სისტემით აღიჭურვა.
„კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli“ მნიშვნელოვნად დაგვეხმარა წარმოების გაფართოებაში და შემოსავლების გაზრდაში“, – გვეუბნება ის. „პროექტის ფარგლებში დავაარსეთ ქალთა კოოპერატივი, ერთადერთი მარნეულში. პროექტი დაგვეხმარა შეგვექმნა სათბური ავტომატური სარწყავი სისტემებით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც თავისთავად მნიშვნელოვნად ზოგავს რესურსებს და თანამშრომლების ენერგიას. მანამდე ყველაფერი საკუთარი ხელით უნდა გაგვეკეთებინა, რაც შრომას და დროს მოითხოვდა. ახლა ჩვენ ავტომატურად ვრწყავთ სათბურებს და შეგვიძლია ათიათასობით ნერგის მოყვანა, ჩვენი შემოსავალი კი თითქმის ათჯერ გაიზარდა. თუ ადრე ჩვენი ფიზიკური შრომის შედეგად 10000-მდე ნერგს ვზრდიდით, ახლა 100000-ზე მეტს ვზრდით თანამედროვე სარწყავი სისტემისა და კეთილმოწყობილი სათბურის წყალობით, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ CENN-ის. ადრე ამ ყველაფერზე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო“.
უახლოეს მომავალში მოსალოდნელია პროექტის ბენეფიციართა რიცხვის გაზრდა, რადგან ცოტა ხნის წინ CENN-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი მცირე ფერმერებისთვის.
„იმდენად კმაყოფილები და გახარებულები ვართ CENN-თან თანამშრომლობით, რომ უკვე მთელ სოფელში გავავრცელეთ ინფორმაცია ახალი საგრანტო პროგრამის შესახებ, რათა სხვებმაც ისარგებლონ მისი უპირატესობებით და დავეხმაროთ ადგილობრივ ქალებს, მიიღონ საჭირო უნარები ეკონომიკური გაძლიერებისთვის და სოციალური და კარიერული წინსვლისათვის“, – ამბობს ნაირა.
CENN-ის პროექტის წარმომადგენელი სოფიკო ბაბალაშვილი აღნიშნავს, რომ პროექტის განსახორციელებლად სამიზნე ლოკაციად მარნეულის არჩევა განაპირობა იმან, რომ იგი ერთ-ერთი წამყვანი მუნიციპალიტეტია სოფლის მეურნეობის პროდუქციის, განსაკუთრებით ბოსტნეულის კულტურების წარმოებით.
„ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვემუშავებინა ინტერვენციის გეგმა, რომელიც მარნეულში მცხოვრებ ფერმერებს შეცვლილ კლიმატურ პირობებთან და წარმოების სისტემებთან ადაპტაციაში (გვალვების გაზრდა, წყლის წლიური რესურსების შემცირება, ნიადაგის დეგრადაცია, მავნებლებისა და დაავადებების გავრცელება, ნალექის შემცირება) დაეხმარება. გარდა ამისა, მარნეული მრავალეთნიკური მუნიციპალიტეტია და პროექტის მეშვეობით გვინდოდა გაღრმავებულიყო თანამშრომლობა იქ მცხოვრებ ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ თემებს შორის.
„ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასთან დაკავშირებით, CENN-ის საქმიანობა ეფუძნება თეორიას, რომ ეკონომიკურად ძლიერი ქალები ხელს უწყობენ არა მხოლოდ ოჯახების გაძლიერებას და შემოსავლების გაზრდას, არამედ მთელი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და, ზოგადად, სიღარიბის დაძლევას სოფლად. სწორედ ამიტომ, CENN უზრუნველყოფს ქალთა ჩართულობას პროექტის ყველა აქტივობაში, რათა ხელი შეუწყოს ქალებს, ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე, ტექნოლოგიებსა და ფინანსებზე, რაც საბოლოოდ ეხმარება მათ, გაზარდონ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა და შემოსავლები,” – განმარტავს ის.
სოფიკო აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე პროექტს 120-ზე მეტი პირდაპირი ბენეფიციარი ჰყავს. პროექტი მოიცავს არა მხოლოდ ფერმერების გაძლიერებას, არამედ ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ერთობლივ მუშაობას და თანამშრომლობას კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის განხორციელებაში. შესაბამისად, ბენეფიციართა ჯგუფში შედიან როგორც ფერმერები, ასევე სათემო ინსტიტუტების წარმომადგენლები (ადგილობრივი ხელისუფლება, საზოგადოებრივი ცენტრები, აქტივისტები), ახალგაზრდები და მედიის წარმომადგენლები.
პროექტის შედეგად, უპირველეს ყოვლისა, ბენეფიციარებმა გაიღრმავეს ცოდნა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობა, რა პრაქტიკებსა და ტექნოლოგიებს მოიცავს კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობა და რა ნაბიჯებია გადადგმული კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის. გარდა ამისა, ბენეფიციარებს აქვთ წვდომა იმ ცოდნაზე, რომელიც ხელს უწყობს მათი სასოფლო-სამეურნეო აქტივობების პროდუქტიულობის გაუმჯობესებას. ასევე, პროექტი მოიცავს საგრანტო კომპონენტს, რომლის მეშვეობითაც ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ მიიღონ მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მათი მეურნეობის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის.
პროექტი 2024 წლამდე გაგრძელდება.
2023 წელს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება საგრანტო კომპონენტის ფარგლებში ისეთი ინიციატივებისა და პროექტების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მარნეულის მუნიციპალიტეტში კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის დანერგვას და ამით გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს. გარდა ამისა, CENN გააგრძელებს ფერმერებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს (თემატური ტრენინგები, საველე დღეები, სასწავლო ვიზიტები).
„დიდი იმედი გვაქვს, რომ პროექტი ბევრ წარმატების ისტორიას შექმნის, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, გავაგრძელოთ მუშაობა სხვა მუნიციპალიტეტებშიც”, – განმარტავს CENN პროექტის წარმომადგენელი.