დღევანდელ მსოფლიოში, სადაც გარემოსდაცვითი გამოწვევები სულ უფრო აქტუალური ხდება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ბუნებრივი ლანდშაფტების შენარჩუნება და ადგილობრივი თემების მხარდაჭერა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად იქცა. საბუკო – საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – ამ გამოწვევებთან გამკლავებას ივრის ზეგანზე, ლანდშაფტის აღდგენის პროექტის მეშვეობით ცდილობს.
სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში სოფლის მეურნეობის არამდგრადმა პრაქტიკამ, შინაური პირუტყვის ჭარბმა ძოვებამ ივრის ზეგანზე ნიადაგის ძლიერი ეროზია გამოიწვია. მიწის რესურსების არამდგრადი მართვა სულ უფრო ამცირებს ადგილობრივი ველური სახეობების საბინადრო გარემოს.
ივრის ზეგანზე არსებული გამოწვევბის საპასუხოდ, საბუკო 2019 წლიდან ლანდშაფტის აღდგენის პროექტს ახორციელებს, საფრთხის წინაშე მყოფი ლანდშაფტების პროგრამისა და კემბრიჯის კონსერვაციული ინიციატივის მხარდაჭერით.
პროექტის პირველი ფაზა მხოლოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ჭაჭუნის აღკვეთილს მოიცავდა, ხოლო მეორე ფაზის ფარგლებში საპროექტო ტერიტორია გაფართოვდა და ჭაჭუნას აღკვეთილთან ერთად ფარავს კოწახურას ქედს, სამუხის ველსა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს. სწორედ, პირველი ეტაპის წარმატებით დასრულება გახდა საფუძველი პროექტის მეორე ეტაპისა, რომლის ფარგლებშიც საბუკომ, პარტნიორებთან ერთად, გაზარდა საძოვრების აღდგენის მასშტაბები და დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ადგილობრივი ფერმერებისა და მწყემსების წრე.
პროექტი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, თუმცა ძირითადი მიზანია სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაცია ერთიანი ეკოლოგიური ქსელის ფარგლებში, სადაც ველური ბუნება და ადამიანების საქმიანობა ჰარმონიულად გააგრძელებს თანაცხოვრებას. საბუკოს საქმიანობა მოიცავს მდგრადი ძოვების სისტემის დანერგვას, საძოვრების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ბიომრავალფეროვნების აღდგენისთვის; სახეობების პოპულაციების და ჰაბიტატების მდგომარეობის სამეცნიერო კვლევას და კონსერვაციული ქმედებების შემუშავებას, ბუნების დაცვასა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას, ივრის ჭალის ტყისა და სხვა ეკოსისტემების აღდგენას, გარემოსდაცვითი ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას, დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების ხელშეწყობას.
დოკუმენტური ფილმი მომთაბარე მწყემსების შესახებ
საბუკომ, პროდიუსერულ კომპანია Wingmen-თან თანამშრომლობით, დაიწყო დოკუმენტური ფილმის გადაღება ადგილობრივი ველური ბუნების და მეცხვარეების ცხოვრების შესახებ.
დოკუმენტური ფილმი ასახავს ადგილობრივი მწყემსების ყოველდღიურ რეალობას, ასევე მეცხვარეობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და მწყემსების ყოველდღიურ საქმიანობას – იქნება ეს გუდის ყველის მომზადება, ცხვრის პარსვა, მატყლის დამუშავება თუ სხვა ავთენტური ტრადიციები.
მომთაბარე მეცხვარეობა უძველეს, ტრადიციულ საქმიანობადაა მიჩნეული; მეცხვარეები ზაფხულის საძოვრებად მაღალმთიან ეკოსისტემებს, ხოლო ზამთრის საძოვრებად დაბლობებს იყენებენ. ყოველწლიურად, ცხვრის გადარეკვისას, რამდენიმე თვეს გზაში ატარებენ – ზაფხულის საძოვრებიდან ბარში და პირიქით. ამ ციკლის სხვადასხვა ეტაპზე მეცხვარეები აწარმოებენ ცხვრის სხვადასხვა პროდუქტს, გუდის ყველს, ცხვრის რძის სხვა ტრადიციულ ნაწარმს, მატყლს, ხორცსა და სხვა.
მწყემსები ზამთრის საძოვრებს დაახლოებით აპრილ-მაისამდე იყენებენ, შემდეგ კი ცხვარი საზაფხულო საძოვრებზე ტრადიციულად ფეხით გადაჰყავთ. ცხვრის გადარეკვის ტრადიცია საქართველოს მთიანეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ღირსშესანიშნავი მოვლენაა. საბუკოს საპროექტო ტერიტორიიდან ცხვრის ძირითადი ნაწილი ზაფხულს თუშეთში ატარებს, შესაბამისად, ივრის ზეგანსა და თუშეთს შორის, საუკუნეების განმავლობაში, მჭიდრო სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კავშირები ჩამოყალიბდა. იმის გამო, რომ ივრის ზეგანი თუშებისთვის და არა მარტო მათთვის, ცხვრის გამოზამთრების ერთადერთი კერაა, თუშური მეცხვარეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და თუშური კულტურაც კი, ივრის ზეგანზე ლანდშაფტის მდგომარეობასა და საძოვრების ხარისხზეა დამოკიდებული.
დოკუმენტური ფილმიც, რომელზეც საბუკო მუშაობს, სწორედ, ამ ორი ტერიტორიის მნიშვნელობას, მეცხვარეების თავგადასავლებითა და სირთულეებით აღსავსე მოგზაურობასა და იმ გამოწვევებს ეძღვნება, რომლის მოგვარებასაც საბუკო სხვადასხვა მიდგომით, მათ შორის ცხვრის პროდუქციის წარმოების გაუმჯობესებით ცდილობს.
ცხვრის პროდუქტების ბრენდირება მეტი მდგრადობისთვის
ივრის ზეგანზე გამოვლენილი პრობლემები კომპლექსურობით ხასიათდება, შესაბამისად, მათი აღმოფხვა თანმიმდევრულ მოქმედებს ითვალისწინებს, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ საძოვრების მართვის გაუმჯობესების, არამედ სხვა ძირეული პრობლემების აღმოფხვრისკენაც.
მნიშვნელოვანი მიმართულებებია დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერება და გაუმჯობესება; სამიზნე სახეობის კვლევა და სამეცნიერო კვლევებზე დაფძნებული, შესაბამისი ღონისძიების განსაზღვრა; საძოვრების, ნათელი ტყისა და ჭალის ტყის აღდგენა აქტიური მენეჯმენტის ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა – როტაციული ძოვების დანერგვა, საძოვრებისა და ჭალის შემოღობვა, ბუნებრივი აღდგენის ხელშეწყობა, მდინარეზე ხელოვნური საგუბრების მოწყობა ჭალის მცენარეულობისთვის წყლის მისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის და სხვ.; კვლევა და ადვოკატირება კანონმდებლობისა და პრაქტიკის, გაუმჯობესებისათვის და ა.შ.
რადგან სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვისა და აღდგენის ღონისძიებები საძოვრების მართვის გაუმჯობესებასა და მდგრადი მეცხვარეობის წახალისებაზე გადის, ამ მიმართულებით საბუკოს მუშაობა განსაკუთრებით მრავალფეროვანია. სწორედ, ფერმერებთან მრავალწლიანი აქტიური თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა შექმნა ბრენდი „დოვლათი“(DOVLATI). დოვლათი ქოლგა ბრენდია, რომელიც ფერმერებს აძლევს საშუალებას თავიანთი რესურსები გააერთიანონ და ცხვრის მეორადი პროდუქტების წარმოების და მიწოდების ჯაჭვი შექმნან. გუდის ყველის წარმოების გათანამედროვეობა, ამ პროდუქტის ცნობადობის ამაღლება საერთაშორისო ბაზარზე, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და ერთიან სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა, პატიოსანი ბაზრის წესების ჩამოყალიბება სტიმულს მისცემს მეცხვარეებს რომ მეტი და უკეთესი ხარისხის გუდის ყველი აწარმოონ. ფერმერები შეძლებენ ცხვრის რაოდენობის შემცირებით, გუდის ყველისა და სხვა მეორადი პროდუქტისგან მიიღონ ხანგრძლივვადიანი მაღალი შემოსავალი და გაიუმჯობესონ მდგომარეობა. თანდათან თვალსაჩინო უნდა გახდეს ის ხანგრძლივვადიანი სარგებელი, რომელიც მოაქვს აღდგენილ და გაჯანსაღებულ ბალახოვან ეკოსისტემებს – ბუნებრივ საძოვრებს. საბოლოო ჯამში, ეს ყოველივე ხელს შეუწყობს მეცხვარეობის საუკუნოვანი ტრადიციის შენარჩუნებას, საძოვრების აღდგენასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას.
აღნიშნულ ფილმსა და ბრენდ „დოვლათზე“ მეტი დეტალის გასაგებად, GEORGIA TODAY საბუკოს დირექტორს, ირაკლი მაჭარაშვილს ესაუბრა.
გვიამბეთ, რა ფილმზე მუშაობს ამჟამად საბუკოს გუნდი და რა ისტორიას უყვება ის მაყურებელს?
ჩვენი ორგანიზაცია 2019 წლიდან მუშაობს ივრის ზეგანზე, ეს არის საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი, რომელიც გამორჩეულია თავისი ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, თუმცა, ამავდროულად, ეს მნიშვნელოვანი ადგილია ბუნებრივი რესურსების გამოყენების თვალსაზრისითაც. ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი საძოვრები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა თუში მეცხვარეების მიერ, როგორც ზამთრის საძოვრები. წლების განმავლობაში, გარკვეული ჰარმონია არსებობდა ადამიანის საქმიანობასა და ბუნებას შორის, მაგრამ, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში, ბუნებრივი რესურსების არასწორი და ჭარბი გამოყენების შედეგად, ბუნებასა და ადამიანს შორის არსებული ეს ჰარმონია დაირღვა და ახლა საჭიროა მუშაობა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, რომ ეს ჰარმონია აღდგეს და ბუნებამ და ადამიანმა ერთმანეთი გააძლიერონ.
ხშირად ხდება ისე, რომ ბუნების დეგრადაციას ეკონომიკური საფუძვლები აქვს და ყოველთვის არ არის საკმარისი კონსერვაციული ან ადმინისტრაციული ღონისძიებები გაატარო იმისათვის, რომ არსებული პრობლემები გადაწყვიტო. თუ პრობლემის სათავე არის ეკონომიკური, მაშინ გარკვეული ეკონომიკური ხედვები უნდა შემოიტანო პრობლემის გადასაჭრელად.
ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ჭარბი ძოვება ზამთრის საძოვრებზე, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ზამთრის საძოვრების დიდი ნაწილი დაიკარგა. იმ პერიოდში ცხვარი გაცილებით მეტი რაოდენობის იყო, ვიდრე ახლა, მაგრამ მეზობელ საბჭოთა რესპუბლიკის ქვეყნებში მიჰყავდათ გამოსაზამთრებლად – რუსეთის ფედერაციაში ან აზერბაიჯანში. ახლა კი ერთადერთი ზამთრის საძოვარი დარჩა ივრის ზეგანი: სამუხი, ვაშლოვანი, შირაქის ველი… ჭარბი ძოვების შედეგად ნიადაგის ეროზია ძლიერდება და ეს არის ჯაჭვური პროცესი – მისი სავალალო შედეგები თანდათანობით სულ უფრო მეტად აისახება ეს ბუნებაზე, ადამიანებზე და ეკონომიკაზე.
ჩვენი ჩანაფიქრით, ეს ფილმი იქნება განკუთვნილი იმ ადამიანებისთვის, ვინც მეცხვარეობას ეწევა. მათ უნდა დაინახონ სარგებელი ჩვენ მიერ შექმნილ ბრენდ „დოვლათის“, აღგვიქვან არა როგორც კონკურენტი, არამედ როგორც მათი პროდუქციის უკეთესი რეალიზაციის და მათ მიერ წარმოებულ პროდუქტზე ფასის გაზრდის საშუალება.
ასევე, ფილმი მიმართულია მთელ საზოგადოებაზე, რომელიც ბუნების გულშემატკივარია და ჩვენ მათ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ქართული ბუნების და პროდუქციის გულშემატკივრობა გააერთიანონ. საბოლოო ჯამში, როდესაც დოვლათის გუდის ყველს შეიძენენ, ეს იქნება არა მხოლოდ იმ ადგილობრივი მეწარმეებისთვის გადახდილი თანხა, ვისგანაც ეს შესანიშნავი პროდუქტი შეიძინეს, არამედ ამ ეკოსისტემაში მობინადრე სახეობების გადარჩენისთვისაც , იქნება ეს ჯეირანი, ზოლებიანი აფთარი, ფოცხვერი, ბექობის არწივი, ორბი, დურაჯი, კოლხური ხოხობი თუ სხვა.
ბიომრავალფეროვნებასთან რა კავშირშია ბრენდი „დოვლათი?“
„საბუკოს“ გუნდი ვგეგმავთ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული ეკონომიკური მდგენელი შემოვიტანოთ, კერძოდ, შევქმნათ ქოლგა ბრენდი, სახელწოდებით „დოვლათი,“ რომელიც საშუალებას მისცემს ფერმერებს, თავიანთი რესურსები გააერთიანონ და გარკვეული მიწოდების ჯაჭვი შექმნან. ძირითადი ჰიპოთეზა ისაა, რომ რაც უფრო მეტი ფასი დაედება გუდის ყველს (რომლის წარმოებაც ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული), უფრო მეტი ფერმერი დაინტერესდება, რომ გაყიდოს მათ მიერ ტრადიციების დაცვით წარმოებული ნამდვილი გუდის ყველი. ხანგრძლივვადიანი და მდგრადი შემოსავლის პერსპექტივის გამო, ფერმერები თანდათან უნდა დარწმუნდნენ, რომ იგივე ფართობზე ნაკლები ცხვრის ყოლით, ანუ ნაკლები ზეწოლით ბუნებრივ რესურსებზე, მეტი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი.
ესაა ჩვენი იდეა. ფაქტობრივად, ეს კონსერვაციული საქმიანობაა, რომელიც, ერთი მხრივ, ქართული პროდუქციის შეძენით წაახალისებს ადგილობრივ წარმოებას, ადგილობრივ ფერმერებს და მეცხვარეებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს გადახდილი ფული იქნება საწინდარი იმისა, რომ ამ რეგიონში კვლავ დაბრუნდება და იქნება ჯანსაღი პოპულაცია თუნდაც ჯეირანის და სხვა გარეული ცხოველების, გაუდაბნოების პროცესი შეჩერდება და მრავალფეროვანი ეკოსისტემები გვექნება. რაც მთავარია, კვლავ აღდგება ჰარმონია ადამიანსა და ბუნებას შორის.
თუმცა, ეს არაა ერთადერთი საკითხი, რომელმაც ამდენი პრობლემა უნდა გადაწყვიტოს. პრობლემები მრავალწახნაგოვანია, დაწყებული ბრაკონიერობიდან, დამთავრებული კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით, მაგრამ „დოვლათი“, მიზნად ისახავს ერთ-ერთი პრობლემის გადაჭრას – ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის შემცირებას ღირებულებათა ჯაჭვის გაზრდითა და ფერმერისთვის მდგრადი შემოსავალის გაჩენის გზით. დოვლათთან ერთად საჭიროა განათლების პროგრამით აქტიური მუშაობა, რათა მეცხვარეები დაინტერესებულები იყვნენ იმით, რომ კი არ გაზარდონ დატვირთვა ბუნებრივ საძოვრებზე, არამედ მომჭირნედ გამოიყენონ ეს საძოვრები, ისე, რომ უფრო მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღონ, განსაკუთრებით, ხანგრძლივ პერსპექტივაში. სხვა შემთხვევაში, ნელ-ნელა, ეს ბუნებრივი რესურსები ამოიწურება და, შესაძლოა, მათ საერთოდ მოუწიოთ ამ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტა.
ვფიქრობთ და მომავალში ვიმუშავებთ ამ მიმართულებითაც, რომ მომთაბარე მეცხვარეობა შევიდეს „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლი.
თუშური მეცხვარეობის შენარჩუნება როგორ დაეხმარება საძოვრების და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას?
როგორც მოგახსენეთ, საუბარი ეხება იმას, რომ ორივე უნდა შენარჩუნდეს და ნაპოვნი იყოს ჰარმონიული თანაცხოვრების გზა, იმიტომ, რომ ადამიანი და ბუნება საუკუნეების განმავლობაში გახდნენ ერთი ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილი. მომთაბარე მეცხვარეობაც ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია. ადამიანს და ბუნებას ცალ-ცალკე არ განვიხილავთ. ადამიანი, თავისი კულტურული მრავალფეროვნებით, არის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი. ფაქტობრივად, მისი არ შენარჩუნება ნიშნავს ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვას.
ანა დუმბაძე