ბევრის ვარაუდით, Netflix-ის აღზევება ტელევიზიების დრომოჭმული, ძვირი მოდელისათვის სიკვდილს მოასწავებდა. ადამიანები აღარ გადაიხდიდნენ (ყოველ შეთხვევაში, ამერიკაში) ყოველთვიურად 80 დოლარს 200 სატელევიზიო არხისათვის, რომელთაგან რეგულარულად მხოლოდ რამდენიმეს უყურებდნენ. სანაცვლოდ, ისინი „კაბელებს გადაჭრიდნენ“ და „სამეფო ტახტის“ სტრიმინგით ისიამოვნებდნენ, სულ რაღაც 13 დოლარად თვეში.
თუმცა, რეალობა მთლად ასეთი არ აღმოჩნდა. 2020 წელს, ტელევიზიების სტრიმინგის ეპოქა დგება. ყველა ძირითადი სატელევიზიო არხი საკუთარი სერვისის (რომელიც, კვლავ ძვირადღირებული იქნება) გაშვებას გეგმავს და Netflix-ისთვის ბევრად ნაკლებ კონტენტს გაიმეტებს.
განვიხილოთ, თუ რა უნდა მოიმოქმედონ ერთგულმა მაყურებლებმა, რათა საყვარელ სანახაობებს და ფილმებს უყურონ (აშშ-ში და ზოგჯერ სხვაგანაც): Marvel-ის, Pixar-ისა და „ვარსკვლავური ომების“ ფილმებისათვის საჭირო იქნება Disney Plus-ის პაკეტის გამოწერა – 7 დოლარი/თვე: სერიალ „მეგობრების“ და „მემკვიდრეობის“ საყურებლად HBO Max-ის პაკეტის გამოწერა (პროვაიდერი – AT&T) – 15 დოლარი/თვე; რიზ უიზერსპუნისა და სტივენ სპილბერგის ტელეშოუების სანახავად – Apple Plus-ის პაკეტი – 5 დოლარი/თვე; სერიალის „მხევლის წიგნი“ სანახავად – სერვისი Hulu – 12 დოლარი/თვე; „მილიარდების“ სანახავად – Showtime სერვისი – 11 დოლარი/თვე; „აუთლენდერისათვის“ (პროვაიდერი – Starz) – 9 დოლარი/თვე; „სტარ ტრეკი. პიკარდი“ და „სტარ ტრეკი. დისქავერი“ – Amazon Prime სერვისი – 10 დოლარი/თვე.
ამ სერვისების ყოველთვიური ღირებულება, Netflix-თან ერთად, ჯამში, 100 დოლარს აღწევს. და კიდევ – აღნიშნული სერვისები არ მოიცავს სპორტული ღონისძიებების პირდაპირი ეთერით ტრანსლირებას, რომელიც ძველმოდური სატელევიზიო არხების პრეროგატივად რჩება (მათი გაყიდვების მთავარი მამოძრავებელი). ცალკე აღსანიშნავია ფართოხაზოვანი და უსადენო ინტერნეტის დამატებითი ხარჯები. ასე რომ, ვიდეოგურმანის ხარჯებმა, სულ თავისუფლად, შესაძლოა, თვეში 200 დოლარს მიაღწიოს.
და მაინც, სტრიმინგის ეპოქა ტელევიზიებში „ბლოკბასტერების“ ბუმის მომასწავებელიცაა. თავის დროზე, კინოსტუდიები ფართო ეკრანებზე დომინირებისთვის იბრძოდნენ. ახლა ეს მაღალბიუჯეტიანი ბრძოლა უფრო მცირე ზომის სატელევიზიო ეკრანებზე ინაცვლებს. Disney Plus-ზე – „შევარდენი და ზამთრის ჯარისკაცი“ – სერიალი, რომელიც Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს ნაწილია; ასევე HBO-ზე – Demimonde – ფანტასტიკური დრამა ჯეი ჯეი აბრამსისაგან – „სტარ ტრეკის“ და „ვარსკვლავური ომების“ რეჟისორისგან. 2020 წლის შემდეგ, მალე Amazon-ზე „ბეჭდების მბრძანებლის“ ტელევერსიის დებიუტი იგეგმება. მხოლოდ ეკრანიზაციის უფლების მოპოვებას 250 მლნ დოლარი დასჭირდა.
წინ კიდევ ერთი დიდი ცვლილებაა: მომხმარებლები ათეულობით სერვისის გამოწერას არ მოისურვებენ. ასე რომ, სტრიმინგის ომში გაიმარჯვებს რამდენიმე კომპანია, რომლებსაც საუკეთესო შეთავაზებები ექნებათ. Disney ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს. კომპანია ფილმების საუკეთესო ფრაჩაიზებს ფლობს, მომხმარებლებს დაბალ ფასებს სთავაზობს, მათ სათამაშოებით და თემატური პარკებითაც იზიდავს. ანალოგიურად, Amazon Prime-ს შეუძლია ვიდეოსერვისში დიდი თანხები დახარჯოს და თავის სავაჭრო პლატფორმაზე მომხმარებლები მიიზიდოს (კომპანიას სტრიმინგის სხვა სერვისებიც აქვს და ერთგული მომხმარებლებისთვის ფასდაკლებების სისტემას იყენებს). გამარჯვების კიდევ ერთი რეალური კანდიდატია AT&T. კომპანია მობილური ინტერნეტის პროვაიდერიცაა და შეუძლია თავისი HBO Max-სერვისი აბონენტებს უფასოდ შესთავაზოს. ბაზრის ლიდერი – Netflix-ი თავისი პოზიციის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვან ინვესტიციებს გაიღებს. უამრავ წვრილ მოთამაშეს მარცხი ელოდება. 2020 წელს სტრიმინგის ომები მძიმე იქნება – ძვირადღირებული ბრძოლა, რათა მაყურებელმა სხვა არხზე გადართვა არ მოინდომოს.
გეიდი ეპსტაინი, მედიარედაქტორი, The Economist, ნიუ იორკი