წელს 100 წელი სრულდება ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერა „დაისის“ პრემიერიდან. სწორედ ამ საიუბილეო თარიღს დაამთხვია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა „დაისის“ ახალი დადგმის პრემიერა. აღსანიშნავია, რომ ეს ოპერა ჩვენი თეატრის სცენაზე 2009 წლიდან არ შესრულებულა.
„დაისის“ დამდგმელი დირიჟორია რევაზ ტაკიძე; დამდგმელი რეჟისორი – გოჩა კაპანაძე; სცენოგრაფი, განათების და კოსტიუმების ავტორი – გიორგი ალექსი-მესხიშვილი; ქორეოგრაფი – ილიკო სუხიშვილი; ვიდეოპროექციის ავტორი – დავით მაჭავარიანი. საპრემიერო სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის ყველა თაობის მომღერლები, საქართველოს სახალხო არტისტები, მოწვეული სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.
„დაისის“ საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 29, 30 აპრილს და 5, 6 ,7, 12, 13, 14 მაისს. დასაწყისი 19:00 საათზე.
100 წლის წინ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისის“ პრემიერა შედგა. ოპერა დადგა კოტე მარჯანიშვილმა, დირიჟორობდა ზაქარია ფალიაშვილის ძმა ივანე ფალიაშვილი. მალხაზის პარტიას ასრულებდა დიდი ქართველი ტენორი ვანო სარაჯიშვილი, რომელსაც სპექტაკლის განმავლობაში მაყურებლის მოთხოვნით ზედიზედ სამჯერ მოუწია მალზახია არიის („თავო ჩემო“) შესრულება. ცეკვა „ქართული“ შეასრულა 16 წლის ილიკო სუხიშვილმა.
პრემიერამდე ერთი კვირით ადრე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. პრემიერის შემდეგ, მაყურებლის წინაშე გამოსული ზაქარია და ივანე ფალიაშვილები დიდხანს ვერ გადიოდნენ კულისებში. მაყურებლის ტაში არ ნელდებოდა. ეს კი „დაისის“ გამარჯვებას ნიშნავდა. აღფრთოვანებული მაყურებლის ოვაციები გაგრძელდა ოპერის შენობის წინაც, სადაც ახალგაზრდები დახვდნენ კომპოზიტორს და მადლობა გადაუხადეს.
ოპერაზე მუშაობა კომპოზიტორმა 1921 წელს დაიწყო. “დაისის” მთავარ გმირს სახელი ბოლშევიკიური რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში საქართველოს ანექსიის დროს წარმოებულ თავდაცვით ბრძოლაში გმირულად დაღუპული მარო მაყაშვილის პატივსაცემად ჰქვია. „დაისის“ შექმნის იდეა ზაქარია ფალიაშვილს ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა და მსახიობმა ვალერიან გუნიამ მიაწოდა, რომელსაც ეკუთვნის ამავე ოპერის ლიბრეტო. გუნიამ გამოიყენა შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები.